ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გლობალურად ებრძვის პანდემიას და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, ეკონომიკის გაჯანსაღების პირველი ნიშნები უკვე ჩანს.
მისივე თქმით, აღნიშნული პოზიტიური ნიშნები თვიდან თვემდე ეკონომიკური ვარდნის შესუსტებაშია ასახული. მინისტრი ლოგიკურ შეფასებას უწოდებს სავალუტო ფონდის პროგნოზებსაც, რის მიხედვითაც საქართველოს უახლოეს წლებში კვლავ ექნება პერსპექტივა ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთერთი რეგიონული ლიდერი გახდეს.
„2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5,5% იქნება ყოველწლიურად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში შევძლებთ დავძლიოთ კოვიდით გამოწვეული პრობლემები, რომ კვლავ განვამტკიცოთ რეგიონალური ლიდერის სტატუსი. ამის პირველი ნიშნები ამ თვეში უკვე არის, რაც აისახა ექსპორტის პოზიტიურ მაჩვენებელზე...თქვენ თუ ნახავთ ვინ არის ლიდერი ექსპორტის კუთხით, ეს არის სწორედ სოფლის მეურნეობა. ანუ, თუ სხვა ქვეყნები შედარებით დაკეტილები იყვნენ, ჩვენ შევძელით და გავიტანეთ ბაზარზე ბევრად მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ახალი ბაზრები დავიპყარით, რითაც ვაჯობეთ ბევრ კონკურენტს. ეს ეხება არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სფეროს, არამედ ტექსტილსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.