"ინდივიდების როლი პოლიტიკურ პროცესში ყველგან მნიშვნელოვანია, იქნება ეს საქართველო, აშშ თუ სხვა", - ასე უპასუხა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემაში "საქართველო ირჩევს" ტაბულას ჟურნალისტის აკა ზარქუას კითხვას.
ჟურნალისტმა მას აშშ-ის ელჩის ციტატა მოუყვანა, სადაც კელი დეგნანი ამბობს, რომ „ისურვებდა, ქვეყანაში ინდივიდების პოლიტიკა დასრულდეს“ და ჰკითხა, მაშინ, როდესაც ენმ ხელისუფლების შეცვლის გზაზე მთავარ აქტორად მიხეილ სააკაშვილს განიხილავს, არის თუ არა აცდენა პარტიისა და ელჩის რიტორიკას შორის.
"ჩვენს ქვეყანაში ვფიქრობ, ალბათ ერთ-ერთი პრობლემა ზოგადად არის ის, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიდერებს, ვიდრე თუნდაც იმ პროგრამების დეტალურ შესწავლას, რომელზეც ვსაუბრობთ.
მე დავეთანხმები ქალბატონ ელჩს, რომ ზოგადად, სასურველია, ადამიანები მართლაც გადაწყვეტილებას იღებდნენ სიღრმისეულად პროგრამების შესწავლით, მაგრამ ინდივიდების და ლიდერების როლი მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ გარემოში. ლიდერებს მნიშვნელობა აქვს ჩვენი პარტიისთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც. რაც უფრო პოპულარულია პოლიტიკური ლიდერი, მით მეტი შანსი აქვს მის პოლიტიკურ ძალას, გაიმარჯვოს არჩევნებში", - განაცხადა სამადაშვილმა.