ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მმართველი გუნდის ლიდერმა საკუთარ არჩევანი ცოტა ხნის წინ დააფიქსირა.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მან ხმა ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალს მისცა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
"დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა მივეცი ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობასა და ადამიანის ღირსებას. ვფიქრობ, რომ ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანებზეა მორგებული, მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი სინდისით, ოჯახის მომავალს და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.