დილიდან ხმაური და დაპირისპირებაა მარნეულში, მეხუთე საარჩევნო უბანზე. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული ოცნების დამკვირვებლები და მხარდამჭერები მათ დაკვირვების საშუალებას არ აძლევენ.
"დილიდან არის დარღვევები. ჯერ არ გვაძლევენ დაკვირვების საშუალებას, შემდეგ უკვე გარეთ აგიტაციას აწარმოებენ. ბეიჯებით დგანან ოცნების მხარდამჭერები და ხალხს მოუწოდებენ 41 შემოხაზეთო. შიგნით უბანზე რა ხდება არ ვიცი",-ამბობს ნაციონალური მოძირაობის საოლქო კომისიის წევრი ლაშა ქველაძე.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.