logo
ENG



დაპირისპირება პარლამენტთან - პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა

01 ნოე 202019:59
3 წუთის საკითხავი
 

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები ადგილზე კარვის გაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშულებას არ აძლევდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების მიუხედავად, მომიტინგეები კარვის გაშლა შეძლეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ის მხარდამჭერებთან ერთად ამაღამ პარლამენტთან დარჩება. მისი თქმით, პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვის უფლება ყველა მოქალაქეს აქვს, ამიტომ ტერიტორიას არ დატოვებენ მიუხედავად იმისა, წაართმევთ თუ არა მათ კარვებს პოლიცია.

"მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტი ფორმა გვქონდა ასეთი, რაც გამოხატავს იმ აღშფოთებას და გაბრაზებას, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ეს არის ღამე პარლამენტთან დარჩენა. ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს როგორც ერთ მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები. გვქონდა ერთი კარავი, მოვიდა პოლიცია და მითხრეს, რომ არ გვაქვს უფლება კარავი გავშალოთ. ვერავითარი არგუმენტაცია ვერ წარმომიდგინეს. კანონი ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი პროტესტის ფორმა გულისხმობს იმას, რომ მე ამაღამ ვრჩები რუსთაველზე. ვისაც უნდა დარჩება ჩემთან ერთად, ვისაც უნდა წავა. გაიტაცონ კარავი არაუშავს, კიბეებზე დავსხდებით", - განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ცოტა ხნის წინ შეძახილებით "წადი! წადი!" მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს, მოგვიანებით კი, კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ამასთან, ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა