logo
ENG

სერგი კაპანაძე ოქმებს ავრცელებს: დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად (ფოტო)

02 ნოე 202022:43
3 წუთის საკითხავი
clock 1257
სერგი კაპანაძე ოქმებს ავრცელებს: დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად (ფოტო)

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შემაჯამებელი ორი ოქმის ფოტოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ისინი გაყალბებულია ან საოლქო, ან პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

კაპანაძის თქმით, საუბარია მარნეულის ოლქზე, სადაც ქართული ოცნებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ზაურ დარგალი იყრიდა.

"აი, როგორ ყალბდება არჩევნები! ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით. ქვემოთაა ორი ოქმი. ერთი (ნაცრისფერი) არის ის ოქმი, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ. დარგალმა აიღო 173 ხმა. მოსული იყო 528 ამომრჩეველი. 

მეორე - ვარდისფერი არის იგივე ოქმი, ოღონდ ატვირთული ცესკოს ვებგვერდზე. ჰოი საოცრებავ, "ს ლიოგკიმ დვიჟენიემ რუკი", დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად. ხოლო, ამომრჩეველთა 528 გადაკეთებულია 828-ად. რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შესვლაზე?", - წერს კაპანაძე.

მისი თქმით, მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ევროპული საქართველო არჩევნების გაყალბების მხილებას მიეძღვნება. 

ცესკომ უბნების დათვლა დაასრულა. დათვლილია ქვეყნის მასშტაბით 3847 უბანი.

წინასწარი შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება N41 - 48,15% (926 959 ხმა)

ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია N5 - 27,14% (522 563 ხმა)

ევროპული საქართველო N2 - 3,78% (72 752 ხმა) 

გირჩი N36 - 2,89% (55 600 ხმა)

ლელო N56 - 3,15% (60 691 ხმა)

გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 3,15% (60 592 ხმა)

პატრიოტთა ალიანსი N8 - 3,14%  (60 493 ხმა)

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები N24  - 1,33% (25 534 ხმა)

ლეიბორისტული პარტია N10 - 1% (19 281 ხმა)

პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%. ორგანიზაცია აცხადებს, რომ აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, სადაც ოქმებში დისბალანსი იყო. 


close დახურვა