logo
ENG



საოლქოს გარდაცვლილი თავმჯდომარის მიმართ იძულების და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

07 ნოე 202023:21
3 წუთის საკითხავი
clock 2033
q82abh7b6676z3z.jpg

საოლქო კომისიის გარდაცვლილი თავმჯდომარის მიმართ იძულებისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  6 ნოემბერს, ბრალდებული  აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრირებულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა.

ასევე უწყების ცნობით, განცხადების გაკეთების შემთხვევაში გობეჯიშვილს კიდევ უფრო მეტ სარგებელს დაჰირდნენ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, გობეჯიშვილისგან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულები მას დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და  აიძულებდნენ დასთანხმებოდნენ შემოთავაზებულ წინადადებას.

შსს განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს - 2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედოერე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს.

ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მის გარდაცვალებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა. 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ გობეჯიშვილი ენმ-ის რეპრესიების მსხვერპლია და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ სისხლის სამართლის საქმე.

გიორგი ხელაშვილთან ერთად, ენმ-ს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალებაში ბრალი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბექა დავითულიანმაც დასდო. მან თქვა, რომ "გობეჯიშვილის გარდაცვალების ღამეს მასთან ენმ-სთან დაკავშირებული ხალხი მივიდა".

ნაციონალურ მოძრაობაში ქართული ოცნების ამ ბრალდებებს ამორალურს უწოდებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს პოლიტიკური მიზნებისთვის.

მმართველი პარტიის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ ბრალდებები ოპოზიციის პროტესტის, მათი მხრიდან არჩევნების მასობრივად გაყალბებაზე საუბრის და საპროტესტო აქციისთვის სამზადისის ფონზე გაისმა.

ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს - მათი შეფასებით, არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციური პარტიები ერთხმად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.

8 ნოემბერს რუსთველის გამზირზე ხალხმრავალ საპროტესტო აქცია იგეგმება.

როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დარღვევების მასშტაბი გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

ევროპული საქართველოს მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს იმ უბნების რიცხვი, სადაც ოქმები დაბალანსებული არ იყო, არის 1175. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 967, 2012 წელს - 893.

პარტიის ცნობით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 210 000 ხმა გაკონტროლდა. 2016 წელს - 70 510; 2012 წელს - 70 400;

ასევე, ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ზედმეტი ბიულეტენები ჩაყარეს 206 უბანზე. 2016 წელს ასეთი უბნების რაოდენობა იყო 49; 2012 წელს - 19;

ამომრჩევლების რაოდენობა უბნებზე, სადაც ბიულეტენები ჩაყარეს - 2020 წელს 113 709; 2016 წელს - 28 418, 2012 წელს - 12 850;

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი, ფაქტის დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დაჯამებული. მათივე აღმოჩენით, ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

ამასთან, მათ იპოვეს შესწორების 93 ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. ასევე, 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შეუსწორებლად არის დატოვებული.

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები (IშFED), რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. IშFED 1-ლ ნოემბერს აცხადებდა, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%. მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს იმ უბნების შედეგების გადათვლა, რომელთა შემაჯამებელ ოქმებშიც დისბალანსი გამოვლინდა.

მოგვიანებით, საჩივრების განხილვის ეტაპზე სამართლიანმა არჩევნებმა და თI-მ განაცხადეს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები მათ საჩივრებს განუხილველად ტოვებენ, ხოლო რასაც იხილავენ - არ აკმაყოფილებენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არჩევნებზე დაკვირვების და მონიტორინგის შედეგად, საოლქო კომისიებში 109 უბანთან მიმართებით წარადგინა საჩივარი. საია-ს განცხადებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა ან განუხილველი დარჩა 79 უბანთან დაკავშირებით.

თავად ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ფორმულას ეთერში თქვა, რომ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს, სავსებით შესაძლებელია, გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

 


close დახურვა