ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახი კალაძე ამბობს, რომ თუ დღეს, 9 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას 22:00 საათის შემდეგაც გააგრძელებენ, ამას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოყვება.
"აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს. 22:00 საათის შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონი მოქმედებს ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის", - თქვა კალაძემ.
მას შემდეგ, რაც 8 ნოემბერს ცესკოსთან მიმდინარე აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაარბიეს, ოპოზიციური პარტიები და პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებას დღეს, 9 ნომებერს 18:00 საათზე გეგმავენ. მათ კვლავ 3 მთავარი მოთხოვნა აქვთ - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი.
ამასთან, სწორედ დღეიდან, 9 ნოემბრიდან 22:00-დან 05:00 საათამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მოტივით, ხელისუფლება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას ზღუდავს.
ოპოზიცია ამას "პოლიტიკურ კომენდანტის საათს" უწოდებს, რომლის მიზანი პროტესტის შეფერხებაა.