
ევროპული საქართველოს წევრი, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს გავრილოვის ღამის, პოლიტპატიმრების ნაწილის გათავისუფლების და თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღწევის გამოცდილება, რაც აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ეშინია რამდენიმე რამის:
"ოპოზიციური ერთობის და ამას ჩვენ ვინარჩუნებთ.
ხელისუფლებას ეშინია ქუჩაში ხალხის დიდი მასის - მე იმედი მაქვს და გუშინდელი გამოცდილება ამას აჩვენებს, რომ ჩვენი ხალხი ამისთვისაც მზადაა.
ხელისუფლებას ეშინია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის". - თქვა მან ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში.
თარხნიშვილის თქმით, ოპოზიცია გეგმავს, მუშაობა გააგრძელოს ამ სამი მიმართულებით.
მისი განცხადებით, პარტიები ასევე მზად არიან იმისთვის, რომ პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდეს, თუმცა უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.
]"აქ დამარცხების შემთხვევაში ჩვენ უარეს შედეგებს მივიღებთ და სტაგნაციისთვის ვართ განწირულები. რაც უფრო სწრაფად მიხვდება ხელისუფლება, რომ არ უნდა დაუპირისპირდე ხალხს, ხალხის ნებას, მით უკეთესი იქნება, იმიტომ, რომ მან უკვე გამოიწვია ეკონომიკური კრიზისი, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, პოლიტიკური კრიზისი. რაც უფრო სწრაფად აღიარებს და მოგვცემს საშუალებას, რიგ-რიგობით განიმუხტოს ეს კრიზისული სიტუაციები, მით უკეთესი იქნება. პოლიტიკური კრიზისი განმუხტვა უფრო მარტივია, ამას რიგგარეშე არჩევნები სჭირდება". - თქვა თარხნიშვილმა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. როგორც ოპოზიცია, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები იმდენად მასშტაბური იყო, რომ გავლენას მოახდენდა მის შედეგებზე.
იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. ოპოზიცია და მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.
8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართული საპროტესტო აქცია, ქართული ოცნების ხელისუფლების მითითებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით დაშალა. დაშავდა რამდენიმე რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი და პოლიციელი.