logo
ENG



394 ინფიცირებული და 4 გარდაცვლილი - რა ვითარებაა საქართველოში

19 აპრ 202019:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია კიდევ 10-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან იყო.

სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ რუსთაველის ფილიალი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო. მიზეზი კოვიდ-19-ით დაცვის თანამშრომლის ინფიცირება გახდა. მან რამდენიმე დღის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლში წავიდა. შემდეგ კი ვირუსი დაუდგინდა. ამ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი სხვა პირები სუპერმარკეტის მენეჯმენტმა სახლში უხელფასო შვებულებაში გაუშვა. კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მაღაზიაში სრული დეზინფექცია ჩატარდა. 

კოვიდ-19-ის მეოთხე მსხვერპლი 73 წლის ქობულეთელი ქალი გახდა. ის კლინიკა „მედალფაში“ რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ქალს რამდენიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მათ შორის შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. ისინი სამკურნალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის  დაავადების ისტორია, ექიმის განმარტებით, ბოლნისს უკავშირდება. უცნობია მეორის ინფიცირების წყარო.

ამ დროისთვის საქართველოში კოვიდ-19-ზე 5 500-მდე ადამიანია ტესტირებული. აქედან 394-ს ვირუსი დაუდასტურდა. ყველაზე პატარა კოვიდინფიცირებული 9 თვის ჩვილია, ყველაზე ასაკოვანი კი - 87 წლის კაცი. 


close დახურვა