logo
ENG



მიხაილო ციხეში არ დაბრუნდება, მაგრამ გარეთ ყოფნის უფლება 2 საათით შეუმცირდა

11 ნოე 202015:57
3 წუთის საკითხავი
clock 938
მიხაილო ციხეში არ დაბრუნდება, მაგრამ გარეთ ყოფნის უფლება 2 საათით შეუმცირდა

შინაპატიმრობაში მყოფ მიხაილო თოდუას ციხეში არ დააბრუნებენ, მაგრამ გარეთ ყოფნის დრო 2 საათით შეუმცირეს. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. მუსიკოსს სახლიდან გასვლა საღამოს 19 საათიდან დილის 8 საათამდე აეკრძალება. მანამდე მას საღამოს 21 საათიდან დილის 8 საათამდე არ შეეძლო გარეთ გასვლა.

მიხაილო თოდუას საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება პრობაციის სააგენტომ მოითხოვა. მიზეზი 17 ოქტომბერს გირჩის პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობაა, რაც უწყებამ მას არასაპატიოდ ჩაუთვალა.

მიხაილო თოდუას საქმის განხილვის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. თავად მუსიკოსი ფიქრობს, რომ პრობაციის სააგენტოს ქმედება პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.

ამავეს ფიქრობს გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. იგი მუსიკოსის ციხეში დაბრუნების მოთხოვნას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ფორმულასთან საუბარში ჯაფარიძე ამბობს, რომ მიხაილო აქამდე უპრობლემოდ უკრავდა და მუშაობდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, პრობლემა კი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გირჩთან დაუკრა.

მუსიკოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ თოდუამ 2019 წლის 30 დეკემბრიდან მოყოლებული 18 დარღვევა ჰქონდა და მიუხედავად პრობაციის ბიუროს მიერ მის სასარგებლოდ გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, მსჯავრდებულმა თავისი ქცევა არ მოაწესრიგა მანამ, სანამ პრობაციის ბიურომ 2020 წლის 26 ოქტომბერს არ მიმართა სასამართლოს ზემოხსენებული შუამდგომლობით. 

მუსიკოსი მიხეილ თოდუა, სასცენო სახელით მიხაილო 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მიხაილომ სტუდია მოაწყო და 8 ალბომი ჩაწერა.


close დახურვა