logo
ENG



ვაშაძე: ელჩების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი ჩაიშალა

11 ნოე 202021:31
3 წუთის საკითხავი
clock 2128
2020/11/11/l0px4zt81qe00zy.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პირველი ინტერვიუ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისცა მას შემდეგ, რაც მის წერილობით მოწოდებას პროცესების "ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანის" თაობაზე მძაფრი რეაქციები მოჰყვა მათ შორის მისსავე პარტიაში და მას მეორე განცხადების გავრცელებაც მოუწია.

რუსთავი 2-თან საუბრისას ვაშაძემ ისევ თქვა, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებების დაწყება უნდა სინჯონ. გრიგოლ ვაშაძე იმასაც ამბობს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად, უნდა გაგრძელდეს საპროტესტო აქციებიც, როგორც ეს მის მეორე, დამაზუსტებელ განცხადებაშიც იყო აღნიშნული.

ვაშაძის თქმით, "კატასტროფაა", როდესაც ორი მხარე დიპლომატიურ წარმომადგენლობას ეხვეწება, რომ ერთმანეთს დაალაპარაკონ:

"გამოსავალი დღესდღეობით, ამ ეტაპზე არის შემდეგი - საპროტესტო აქციების გაგრძელება, რომ ხელისუფლებამდე მივიდეს საქართველოს მოქალაქის სრულიად კანონიერი, კონსტიტუციური და დასაბუთებული აღშფოთება, მაგრამ ასევე, არსებობს პოლიტიკური კომპონენტი, რომელსაც ჰქვია დიალოგი. ვსინჯოთ, თუ არ შევედით მოლაპარაკებებში, ვერც იმას გავიგებთ, ეს მოლაპარაკებები დამთავრდება წარმატებით თუ წარუმატებლად. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება იზომება ისეთი ხელისუფლებისა და პარლამენტის შექმნით, რომელიც იმ ხალხის აზრს დააკმაყოფილებს, რომელიც ახლა ქუჩაში დგას და იყინება", - აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძემ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვინ ან რატომ ჩაშალა დიალოგი, ან კონკრეტულად რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო ის:

"თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ", - აცხადებს ის.

კითხვაზე როდის უნდა შემდგარიყო დიალოგი,  ვაშაძე პასუხობს, რომ "ახლა".

მისი თქმით, ამ მომენტისთვის არ იცის, კვლავ მზად არიან თუ არა საელჩოს წარმომადგენლები, იყვნენ შუამავლები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა. 

პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".

ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".

ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.

მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.

ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.

ვაშაძე აღნიშნავდა, რომ  "სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება", ის არ საუბრობს მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლაზე. თუმცა ამ განცხადებაში დაკონკრეტებული არ იყო, რა იგულისხმება "მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში" - აღნიშნული იყო ის, რომ მოლაპარაკება უნდა იყოს "სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე".

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები.

ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ამ დროისთვის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.


close დახურვა