ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ არანაირი მოლაპარაკებები და არ ჩაშლილა და მისთვის "სიურპრიზია" გრიგოლ ვაშაძის განცხადება, თითქოს ეს ასე მოხდა ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის შემთხვევაში. კაპანაძის თქმით, ისინი ელოდებიან, როდის გაიმართება მოლაპარაკებები.
"არანაირი მოლაპარაკებები არ ჩაშლილა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენი მოთხოვნები მათთვის ცნობილია, რეგულარულად ვამყოფებთ მათ საქმის კურსში. ველოდებით, რომ მოლაპარაკებები გაიმართება. არ მესმის როგორ შეიძლება, ჩაშლილიყო მოლაპარაკებები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა", - ამბობს სერგი კაპანაძე.
ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩების მიერ მომზადებული დიალოგის პროცესი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უნდა გამართულიყო, ბოლო მომენტში ჩაიშალა. ვაშაძე არ აკონკრეტებს, ვინ ან რატომ ჩაშალა დიალოგი, ან კონკრეტულად, რა საკითხებზე უნდა ყოფილიყო ის:
"თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ", - აცხადებს ის.
კითხვაზე როდის უნდა შემდგარიყო დიალოგი, ვაშაძე პასუხობს, რომ "ახლა".
მისი თქმით, ამ მომენტისთვის არ იცის, კვლავ მზად არიან თუ არა საელჩოს წარმომადგენლები, იყვნენ შუამავლები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
რუსთავი 2-თან ინტერვიუს წინ უძღოდა 10 ნოემბრის ორი განცხადება, რომელიც ვაშაძემ წერილობით გაავრცელა.
პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს "ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ "ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით".
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ ამისთვის აუცილებელია სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესის ბოლომდე მიყვანა, "რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით".
ვაშაძე აქვე აღნიშნავდა, რომ ცესკო-ს თავჯდომარე უნდა გადადგეს, "მომავალ პარლამენტში" კი საგამოძიებო კომისია შეიქნას, რომელიც არჩევნებზე დარღვევებს შეისწავლის.
მას შემდეგ, რაც ამ განცხადებას ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა, გრიგოლ ვაშაძემ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა.
ამ განცხადებაში ის ამბობდა, რომ "მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს" და მას პოლიტიკური კომპონენტი დაემატოს - მოლაპარაკება მოკავშირეების მედიაციით.