ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩებთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თავიანთი პოზიციები გაახმოვანეს და შეფასებები გაცვალეს. მისივე თქმით, გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის თარიღზეც მოგვიანებით შეჯერდებიან.
"მოთხოვნები იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები. შეფასებები გავუზიარეთ ერთმანეთს. დღეს იყო ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, მეტი არაფერი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.