logo
ENG



კუბილიუსი: დიალოგი ერთადერთი გზაა საქართველოსთვის, რომ დაძლეული იქნას პოლიტიკური კრიზისი

12 ნოე 202021:26
3 წუთის საკითხავი
clock 812

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყებას დადებითად აფასებს.

კუბილიუსმა სოფო ზურაბიანის გადაცემა პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი სწორედ დიალოგია და ყველა მხარეს მოუწოდა, გამოწვევის დასაძლევად ამ გზით იარონ. 

"ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითადი პრობლემა გახლავთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, რომელსაც ვხედავთ. ოპოზიციური პარტიები ჩივიან, რომ ბევრი დარღვევა იყო არჩევნების პირველ ტურში. ჩვენ, ევროპარლამენტის წევრები ვაკვირდებით პროცესებს. პირველ რიგში იმას, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებმა რა განაცხადეს არჩევნებთან დაკავშირებით. მათ თქვეს, რომ იყო კონკურენტული გარემო, მაგრამ იყო ასევე ბევრი დარღვევაც. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს, დიალოგის გზით იარონ ამ გამოწვევის დასაძლევად", - განაცხადა კუბილიუსმა.

მან ასევე შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები შეისწავლონ და ყველა საჩივარი განიხილონ, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა.

"მოვუწოდებ პასუხისმგებელ ორგანოებს, საარჩევნო კომისიებს, შეისწავლონ ყველა დარღვევა. ყველა საჩივარი უნდა განიხილონ, რომელიც იყო წარმოდგენილი ოპოზიციის მიერ", - თქვა კუბილიუსმა.

ევროპარლამენტარმა მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ყოველთვის მზად არის, ამ კუთხით საქართველოს დახმარება გაუწიოს.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, თუ შეგვიძლია რაიმე დახმარება გავუწიოთ საქართველოს, რათა უფრო მეტად შემოვიტანოთ დიალოგის კულტურა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თამაშობენ მნიშვნელოვან როლს, რათა გაამარტივონ ეს დიალოგი. დიალოგი გახლავთ ერთადერთი გზა საქართველოსთვის და პოლიტიკური საზოგადოებისთვის, რათა დაძლეული იქნას ეს პოლიტიკური კრიზისი", - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.

შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები იხილეთ აქ.


close დახურვა