logo
ENG



ხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა

19 ნოე 202013:09
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტილოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

როგორც მან ფორმულას გადაცემაში კომენტარი განაცხადა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას სუსტი ლეგიტიმაცია აქვს, არის სხვა უამრავი პრობლემა, რაც დღის წესრიგში ხელახალი არჩევნების ჩატარებას დააყენებს.

"რადგან ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, გარდა პოლიტიკური კრიზისისა, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით იქნება ეს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით თუ რეგიონში მიმდინარე სერიოზულ ძვრებთან, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა და ამის დარღვევის შემთხვევაში ხელისუფლება პარლამენტში შესულებსაც და გარეთ დარჩენილებსაც "მოგუდავს".

"მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. ერთიანობა თუ დაირღვა, ამ შეთხვევაში გინდა შესულან და გინდა - არა, მაინც მოგუდავს ხელისუფლება შესულებსაც და არ შესულებსაც. ეს არის ერთადერთი აქტივი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, მუშაობს იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიტანოს ერთიანობაში არეულობა და დაქსაქსოს ძალები", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამასთან, ის ამბობს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მომხრეა, არჩევნების შედეგების აღიარების გარეშე. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ხელს მოაწერს კონტაქტს, რომლის თანახმადაც, ის ხელახალ არჩევნებს ჩაატარებს, თუ კომისია დადებს დასკვნას, რომ არჩევნებზე დარღვევებმა შედეგზე გავლენა იქონია.

"მე ვიხრები, რომ კი არ აღიარონ არჩევნები, არამედ დეფაქტო ვითარება იქნას აღიარებული ოპოზიციის მხრიდან და კრიზისი ქუჩიდან გადატანილი იქნას პარლამენტში შემდეგი განვითარებით, რომ შედგეს საგამოძიებო კომისია, რომელიც დადებს საბრალდებო დასკვნას. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოაწერს კონტაქტს ხელს, რომ თუ საბრალდებო დასკვნით გაირკვა, რომ არჩევნების მასშტაბი და ხარისხი იყო ისეთი, რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, მაშინ ისინი დათანხმდებიან რიგგარეშე არჩევნებს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, რატომ უნდა მისცეს ლეგიტიმაცია ოპოზიციამ პარლამენტს, თუ მაინც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ზამთარში ქვეყანაში სიტუაცია პანდემიის კუთხით კიდევ უფრო გართულდება, ხელისუფლება  ხელის შვერას ოპოზიციისკენ დაიწყებს, პარლამენტში შესვლით კი მას არგუმენტები აღარ ექნება.

"გვაქვს ძალიან მძიმე ზამთარი, ამ ზამთარში ქუჩის პროცესები, რისკების ფონზე, პანდემიის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ნეგატივი იქნება ოპოზიციისთვის... კიდევ უფრო გართულდება პანდემიის მართვასთან დაკავშირებით სიტუაცია, ეს მათი [ოპოზიციის] მინუსი იქნება, ხელისუფლებას ექნება ხელის გაშვერის საშუალება ყოველთვის, პარლამენტში შესვლით ამ ყველაფერს ეძლევა ისეთი ფორმა, როდესაც ხელისუფლებას ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით არგუმენტები აღარ ექნება", - დასძინა ხუხაშვილმა.

არჩევნების მე-2 ტური 17 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ქართული ოცნება იღებს. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არ აღიარებს შედეგებს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. 


close დახურვა