logo
ENG



3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ 4 ნოემბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დააანონსა

31 ოქტ 202419:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/31/evbiahc6502o2p5.jpg

3 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება ორშაბათს, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებას აანონსებს. როგორც ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, სამოქმედო გეგმას მოქალაქეებს სწორედ მაშინ გააცნობენ.

როგორც კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგის დასაწყისში განაცხადა, აქტიურ მუშაობას გააგრძელეს, რათა მტკიცებულებები მოეპოვებინათ. 

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ვაკეთებდით რამდენიმე დღის განმავლობაში, რამაც დადო შედეგი არაღიარების. რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, როგორც შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი", - განაცხადა ანა დოლიძემ.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ "ჩვენი ვალია ქუჩაში გავიდეთ და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანაზე". მისივე თქმით, ქუჩა გეგმის ცენტრალური მიმართულება იქნება.

"ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს. სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის ხალხს. შესაბამისად, როდესაც ჩნდება ჯგუფი და მით უმეტეს, მტერი - რუსეთი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ეს ძალაუფლება ხალხს წაართვას, ჩვენი ვალია ბოლომდე ვიბრძოლოთ და ის დავიბრუნოთ. როდესაც ამ ჯგუფის მიერ ხდება კონსტიტუციური გადატრიალება, ჩვენი ვალია გავიდეთ ქუჩაში და პროტესტით დავუბრუნოთ ხალხს კონტროლი საკუთარ ქვეყანასა და მომავალზე. შესაბამისად, ჩვენ გადამწყვეტ მომენტში უნდა გავიდეთ და სწორედ ქუჩა იქნება ჩვენი გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ცენტრალური მიმართულება. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვისა და მომავლისთვის", - განაცხადა ხოშტარიამ.

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიცია აგრძელებს საქართაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

"ამ არალეგიტიმური არჩევნების შედეგებს აღიარებს მხოლოდ 9 სახელმწიფო, აქედან 3, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დამოუკიდებლობას. ეს არის რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა და, თავისთავად, მხოლოდ ესეც კი ცხადად მეტყველებს რა გზას დაადგა ივანიშვილი. ეს არის გზა მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციის, რის საშუალებასაც ჩვენ ივანიშვილს არ მივცემთ", - თქვა ბოკუჩავამ.

 

მასალა ახლდება


close დახურვა