ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი და ფაქტობრივი მფლობელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 3 098 967 ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სსსკ-ის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.