3 აპრილს სამოქალაქო მოძრაობები მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციებზე მარშებს მოაწყობენ, შემდეგ კი პარლამენტის წინ კომენდანტის საათს დაარღვევენ.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში, არცერთი კვლევით არ დადასტურებულა მ ხ ო ლ ო დ კომენდანტის საათის გონივრულობა პანდემიასთან ბრძოლაში.
მთელ მსოფლიოში კომენდანტის საათი არის დ რ ო ე ბ ი თ ი ღონისძიება, დროის მოსაგებად, ვირუსთან ბრძოლის მოსამზადებლად, ვაქცინაციის კამპანიის დასაგეგმად.
უკვე ერთი წელია შეზღუდული გვაქვს გადაადგილების უფლება 21:00-ის შემდეგ. დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას. თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.
კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.
გვატყუებენ, რომ "ევროპაშიც ასეა". სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია.
პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ.
გამოდი თავისუფლების მარშზე, დაასრულე კომენდანტი!
მარში დაიწყება 3 აპრილს, 17:00 საათზე, შემდეგ ლოკაციებზე:
- ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი - სირცხვილია;
- ივანე ჯავახიშვის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სოცაფეთქება, დროა;
- ვაკის პარკი - გირჩი;
- ორთაჭალა (პროკურატურის წინ) - მოძრაობა საქართველოსთვის.
მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით მივალთ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე.
21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს.
საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ", - ნათქვამია განცხადებაში.