logo
ENG



3 ივნისიდან საბერძნეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება

27 მაი 202112:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/27/dtwjv0vxqbj0yxt.jpg

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines (ეგეოსის ავიახაზები) შეასრულებს.

სააგენტოს ცნობით, მიმოსვლა თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას კი ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

"ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე, 29 ოქტომბრამდე დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.


close დახურვა