კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი განიხილეს და მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტს ოთხი კომიტეტი განიხილავდა - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის მომხსენებლის, მაია ბითაძის ინფორმაციით, კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი 17 ძირითად მიმართულებას არეგულირებს და იცვლება მთელი რიგი ნორმები და მიდგომები, რაც უკვე მოქმედ კანონმდებლობაშია ასახული.
დღევანელ სხდომაზე მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა ძაღლის შეძენამდე "სწავლების აუცილებლობაზე", რომელიც კანონის მიღებიდან ორ წელიწადში ამოქმედდება.
ჩვენთვის, ყველასთვის ორ წელიწადში სავალდებულო იქნება რომ ცხოველის ყიდვის შემთხვევაში გავიაროთ სწავლება, როგორ მოვეპყროთ ძაღლს და როგორ ვეცადოთ, რომ ძაღლი არ გახდეს აგრესიული"- თქვა ბითაძემ.
"შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი შინაური ბინადარი ცხოველის (კატა, ძაღლი) მოვლის, ვეტერინარული მომსახურების, მიკედლების, გასეირნებისა, ყოლის, გამრავლებისა და რეგისტრაციის წესებს ადგენს. ამასთან განისაზღვრება გარკვეული ჯარიმები.
კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის მარეგულირებელი ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს "შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობას, დაარეგულირებს ცხოველთა სამართლებრივ სტატუსებს (პატრონიანი, უპატრონო, მიკედლებული)". როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ეს ბაზა დაადგენს მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ სტანდარტებს, მათ შორის, მათი მიტოვების აკრძალვას.
ინიციირებული პროექტის თანახმად, მაგალითად, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლა მხოლოდ მეზობლების თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. ამასთან, ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე (ჯარიმა 50 ლარი).