საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა თავისი ადგილი დაიკავოს.
წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.
გარდა ამისა, წუხილს გამოთქვამს "იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს".
"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.
ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავიანთი ადგილები დაიკავოს. მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით. პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ "თითოეული მოქალაქის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და გმობენ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას".
"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას - დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.
დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტიები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ისინი არ აღიარებენ შედეგებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორებთან ერთად, ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა. ამის შემდეგ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა.