logo
ENG



კლინიკების ასოციაცია მთავრობას: დიდი კლინიკების მიმდებარედ გაიხსნას საველე ჰოსპიტლები

23 ნოე 202014:38
3 წუთის საკითხავი
clock 1591
2020/11/23/s0czruzw0pcl891.jpg

საქართველოს კლინიკების ასოციაციის მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით). 

გარდა ამისა, კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები.

"კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდდამხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით, რომელიც მრავლად გვყავს აკადემიურ წრეში, ამავე დროს სასურველია არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტში და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში", - ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა "ლოკდაუნი", სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს, ხოლო სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია:

· მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - "დარჩი სახლში,";

· შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები;

· შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსში და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. (ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია ვინაიდან ვირუს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს);

· სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა;

· ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;

· სილამაზის სალონებში რეკომენდებულია დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

· სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი, რომლის რეზულტატი ცნობილია 10-15 წუთში", - ნათქვამია განცახდებაში.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 18 482 აქტიური შემთხვევაა. 6 221 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ინფიცირებული 881 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 330 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 3 531

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 108 690  შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 89 170  გარდაიცვალა - 1 012.


close დახურვა