logo
ENG



ქალთა მოძრაობა ითხოვს, სსკ-ში გაუპატიურების დეფინიციას თანხმობის ნაწილი დაერთოს

25 ნოე 202011:52
3 წუთის საკითხავი
clock 919
2020/11/25/dgc009r8zhlhsma.jpg

"ქალთა მოძრაობა" პარლამენტს ღია წერილით მიმართავს და ითხოვს, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დეფინიციას თანხმობის ნაწილი დაერთოს. 

მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ბოლო წლებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში, თუმცა, სექსუალური ძალადობა ხშირად დაუსჯელი რჩება და მსხვერპლებს შეზღუდული აქვთ მართლმსაჯულებაზე წვდომა.

"ერთ-ერთი მიზეზი სექსუალური ძალადობის შესახებ არსებული პრობლემური კანონმდებლობა და პრაქტიკაა, რომელიც არ მოდის თანხვედრაში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ სტანდარტებთან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სქესობრივი დანაშაულების დეფინიციები შეზღუდულია, პრაქტიკაში კი დამკვიდრებულია მეტისმეტად ხისტი, მოუქნელი და საბჭოური მტკიცებულებითი სტანდარტები სქესობრივ დანაშაულებთან მიმართებით. შედეგად, სექსუალური ძალადობის უფრო ისეთი ფაქტების გამო ისჯებიან დამნაშავეები, სადაც მსხვერპლის სხეულზე ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ბიოლოგიური მასალა არსებობს.

სტამბოლის კონვენცია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი განამტკიცებს, რომ გაუპატიურება არის მსხვერპლის სხეულში მისი თანხმობის გარეშე განხორციელებული სექსუალური ხასიათის შეღწევა. თანხმობის არარსებობა უნდა დამტკიცდეს კონტექსტის შეფასებით და ყველა გარემოების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადებაში.

"ქალთა მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ საქართველოს კანონმდებლობა გაუპატიურებას კვლავ ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობით ჩადენილ დანაშაულად განსაზღვრავს და არა თანხმობის არარსებობის ელემენტით.

"სხვა სქესობრივი დანაშაულები კი ურთიერთიერთდამფარავი და ბუნდოვანია, რაც, არსებულ ხისტ მტკიცებულებით სტანდარტებთან ერთად, პრაქტიკაში ხშირად იწვევს: 1) ფიზიკური დაზიანებებისა და დამნაშავის ბიოლოგიური მასალის არარსებობის შემთხვევაში გაუპატიურების შემთხვევების დაუსჯელობას; 2) გაუპატიურების დაკვალიფიცირებას უფრო მსუბუქი მუხლით (მ. 139) და დამნაშვისთვის მთელი რიგი შეღავათების გავრცელებას.

ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ დასრულდეს სქესობრივი დანაშულების დაუსჯელობა და მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

-შეიცვალოს გაუპატიურების დეფინიცია (სსკ-ის 137-ე მუხლი) და, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, გაუპატიურებად განისაზღვროს მსხვერპლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში.

მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ თანხმობა უნდა განისაზღვრებოდეს, როგორც თავისუფალი, ნებაყოფლობითი და ნამდვილი და მისი არარსებობის დადასტურება უნდა მოხდეს კონტექსტის გამოკვლევით და გარემომცველი გარემოებების გათვალისწინებით.

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა.


close დახურვა