ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ახლა ბიძინა ივანიშვილისგან თარიღს ელოდება, როდის ჩატარდება ახალი არჩევნები და კონსულტაციებიც მხოლოდ ამ თემაზე იქნება.
როგორც მან ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განუცხადა, ოპოზიცია იმავე პოზიციაზეა და პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
"მეგობარი ელჩების ძალისხმევით, გრძელდება კონსულტაციები ქვეყნის ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, სადაც ის შეიყვანა არსებულმა ხელისუფლებამ არჩევნების გაყლაბებით და ძალაუფლების უზურპაციით. ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს მოწერილი დეკლარაციაზე, რომლის თანამხადაც არავინ არ ვაპირებთ აი, ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და მხოლოდ ამ თემაზე შეიძლება იყოს კონსულტაციები", - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, შეთანხმების რესურსი ჯერ კიდევ არსებობს.
"შეთანხმების რესურსი არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული, დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში, არ დაავიწყდეს, სად ინახება მისი სიმდიდრე", - აღნიშნა ნათელაშვილმა.
მისივე განცხადებით, ივანიშვილის წარმომადგენლებს წინადადებით ელოდებიან და ასევე პირობით, რომ "არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში".
დღეს, 25 ნოემბერს აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ელჩი ოპოზიციის წევრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს. ჯერჯერობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ორი შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგი არ დადმგარა. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია, არ აღიარებს შედეგებს და ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.