კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩნდება უფრო და უფრო მეტი კრიტიკული შეფასება.
ბაქრაძე ამბობს, რომ ობიექტური მიზეზების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევების, გაყალბებული ოქმების შესახებ ინფორმაცია ცნობილი ცოტა გვიან გაჩნდა, რის გამოც ის დასავლელი პარტნიორების ანგარიშებში არ აისახა.
"საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რაც დრო გადის, ჩნდება უფრო და უფრო მეტი კრიტიკული შეფასება. ის შეფასებები, რაც გააკეთეს საერთაშორისო მისიებმა და რასაც დღეს ყველა ეყრდნობა, გაკეთდა იმ სიტუაციაში, როცა ჩვენ არ ვიცოდით დარღვევების ყველაზე ხილული ნაწილი - გადაკეთებული ოქმები. როცა პირველი შეფასება გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მაშინ ამ სიყალბის დიდი ნაწილი ჯერაც არ იყო ამოსული სიყალბეზე. გარდა ამისა, გამორიცხულია, კარუსელი დაიჭიროს დამკვირვებელმა, რომელიც 15 წუთით შედის უბანზე. ტექნიკურად გამორიცხულია, უცხოელმა დამკვირვებელმა დაიჭიროს ამომრჩევლის დაშინება არჩევნების წინა დღეებში. დარღვევების დიდი ნაწილი არის ანგარიშებში, დიდი ნაწილი ობიექტურად რჩება მათი ყურადღების მიღმა. დარღვევებმა ზედაპირზე ამოსვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც გაკეთდა ორგანიზაციების პირველი შეფასებები. ეს პროცესი გრძელდება, უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ მათაც". - თქვა ბაქრაძემ.
მისი განცხადებით, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი სწორედ რიგგარეშე არჩევნებია.
"როცა არსებობს ნდობის დეფიციტი, როცა საზოგადოების მინიმუმ ნახევარს არ სჯერა, რომ ხელისუფლებას აქვს მისი მანდატი, ყველა ნორმალურ დემოკრატიაში იმართება ახალი არჩევნები.
თუ ხელისუფლებამ მართლა მოიგო, მოიგოს ახალ არჩევნებში, მოიგოს ნორმალურად და არანაირი პრობლემა არ იქნება არც შედეგების მიღებასთან, არც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ოღონდ ეს იყოს ნორმალური არჩევნები.
ექნება ოცნებას ხალხისგან მიღებული მანდატი? მართონ ქვეყანა. ოღონდ ეს უნდა იყოს ხალხისგან მიღებული მანდატი და არა თამარ ჟვანიასი". - თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.
დავით ბაქრაძემ ასევე თქვა, რომ მართალია ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლას არ გეგმავს, მაგრამ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს პარლამენტთან, შეცვალოს კანონმდებლობა, რათა გაზაფხულზე ახალი არჩევნები დაინიშნოს.
"ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები“. - თქვა ბაქრაძემ.
დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი დეგნანს ბაქრაძის გარდა, ასევე ესაუბრნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრების მესამე რაუნდი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.
განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 17 მაჟორიტარულ ოლქში შედგა და მხარდამჭერებსაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ამ მოთხოვნებით გაიმართა საპროტესტო აქციები. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ.
აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტია მიუღებელი. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ მოთხოვნებსა და გადაწყვეტილებაზე უარის თქმას არ აპირებენ და კვლავ ითხოვენ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს.