logo
ENG



კობერიძე საახალწლოდ შეზღუდვების შემსუბუქებაზე: ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ

26 ნოე 202017:48
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/26/6cyxq7m9c7st2qj.jpg

ლელო-ს წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს.

როგორც კობერიძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა, გაცხადებული ღონისძიებების ჩამონათვალი არა კონკრეტულ მონაცემებზე, არამედ "უცნაურ პრინციპზეა" დაფუძნებული.

"უცნაურ პრინციპზეა დაფუძნებული ეს ქმედებები და ღონისძიებების ჩამონათვალი. რაიმე მაჩვენებლებზე კი არ არის მიბმული, მაგალითად ეპიდემიის გავრცელების სიხშირეზე ან სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, არამედ რაღაც უცნაურად გამოცხადდა რაღაც დროებთან მიმართებაში - ახალ წლამდე, ახალი წლის შემდეგ, პირველ თებერვალს... ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ ეს თარიღები. თვითონ მიდგომა არის არასწორი. ეპიდემია უკვე 1 წელია არის საქართველოში და არ დადგა ის დრო, რომ მთავრობა გამოდიოდეს და ამოგლეჯილად ჩამონათვალის გამოქვეყნების ნაცვლად, მონაცემებზე, პროგნოზზე დაყრდნობით კეთდებოდეს ახსნა, თუ რატომ შემოდის ესა თუ ის შეკეტვა", - განაცხადა კობერიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება მთავრობამ დააანონსოს კონკრეტულ თარიღებზე გაწერილი გეგმა მაშინ, როდესაც წინასწარ არავინ იცის, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება ქვეყანაში.

"გასაგებია, რომ ახალი წელი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ თუკი ეპიდემიოლოგიური სურათი იქნება ძალიან დამძიმებული, როგორ შეიძლება წინასწარ გამოხვიდე და თქვა, რომ ჩემს გეგმას ვაგებ კონკრეტულ თარიღებზე. ეს ყველაფერი უნდა მიჰყვებოდეს კონკრეტულ ლოგიკას და პარამეტრებს. მთელი მსოფლიო პროგნოზებს აკეთებს და ერთხელ არ მინახავს ასეთი გრაფიკი გამოტანილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი ახსნიდნენ კონკრეტულ პარამეტრებზე მიბმას", - თქვა ლევან კობერიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება. მათ შორის, გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში და სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.

კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა