აქტივისტს, ფორმულას გადაცემა "პლატფორმას" ერთერთ წამყვანს, თათუშა არველაძეს, რომელსაც დღეს, ანტირუსულ აქციაზე, ხელი დაუზიანეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ინფორმაციას სირცხვილია ავრცელებს.
სირცხვილიას ინფორმაციით, პოლიციელებმა თათუშა არველაძეს ხელი მანქანაში მოაყოლეს.
"ღია ჭრილობასთან ერთად, მას ხელი აქვს ნაღრძობი. ორი კვირა უნდა ატაროს თაბაშირი. რამდენიმე წუთის წინ თათუშას აცნობეს, რომ შსს მას ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავება. მუხლი გილისხმობს, სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღევანდელ აქციაზე, კიდევ 2 აქტივიტი დააკავეს. შუშანა მაცაბერიძე და ნათია ლეთოდიანი ევროპული საქართველოს წევრთან, ელენე ხოშტარიასთან ერთად, დროებით კედელზე ანტირუსული წარწერებს აკეთებდნენ, რაც კანონდარღვევა არ არის, თუმცა, პოლიციამ ეს არ გაითვალისწინა. აქტივისტები დროებით კედელზე აწერდნენ: "20%", ხატავდნენ საბჭოთა სიმბოლიკას. მოგვიანებით ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
პროტესტის მიზეზი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება გახდა, რომელიც ზურაბ აბაშიძის და გრეგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა და რომელშიც რუსეთი მიუთითებდა, რომ "შეხვედრაზე დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი რუსული ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად".
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ამის შესახებ არაფერი ეწერა.
2019 წლის ივნისში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას პროტესტი მოჰყვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გადამეტებით დაშალა. დაშავდა ათობით მოქალაქე. პროტესტის შემდეგ რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. რუსული მხარე განცხადებაში "პროვოკაციის უარყოფით შედეგებში" სწორედ ფრენების შეჩერებას გულისხმობს და მის აღდგენაზე ლაპარაკობს.