logo
ENG



კორონავირუსის შედეგად 24 წლის ქალი გარდაიცვალა, ოჯახი ექიმების ბრალეულობაზე საუბრობს

03 დეკ 202012:29
3 წუთის საკითხავი
clock 4807

კორონავირუსის შედეგად 24 წლის ნინო გულიკაშვილი გარდაიცვალა. სავარაუდო ინფიცირებული მცხეთის ცხელების ცენტრში 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ. 

გარდაცვლილის ოჯახი ფორმულასთან ყვება, რომ ნინო გულიკაშვილს საეჭვო სიმპტომები 3 დღის განმავლობაში გამოუვლინდა. ამ პერიოდში ოჯახი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. 

ოჯახმა პაციენტის კლინიკა "ლანცეტში" გადაყვანა თავად გადაწყვიტა, თუმცა ადგილზე მისულებს კლინიკაში განუცხადეს, რომ თავისუფალი ადგილები არ ჰქონდათ და პაციენტს ვერ მიიღებდნენ. 

საბოლოოდ, პაციენტი სამკურნალოდ მცხეთის ცხელების ცენტრში მიიყვანეს, რადგან შეიტყვეს, რომ კლინიკაში თავისუფალი ადგილი იყო. ცხელების ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ქალი 6 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკიდან გაწერის დღეს დამძიმდა. ახალგაზრდა ქალი სამშაბათს, 1 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ოჯახის წევრები ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ექიმების გულგრილობას და არასათანადო მკურნალობას უკავშირებენ. 

"აპარატზე ჩართვის ნაცვლად საძილე დაალევინეს საღამოთი და მოკლეს ჩემი შვილი", - ამბობს გარდაცვლილის დედა, - "3 დღეში კი გადავიყვანე, მაგრამ იქ არ მიხედეს წესიერად. ექიმი კონტაქტზე არ შემოდიოდა, როდესაც ვრეკავდი. როცა მივიდოდი, ხან მეუბნებოდნენ რომ იქ იყო წასული, ხან აქ". 

გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკაში გადაყვანის დღეს ნინო გულიკაშვილს მხოლოდ სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა შვილს არცერთი თანმდევი დაავადება არ სჭირდა. 

ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ექიმების უყურადღებობას უკავშირებს ნინო გულიკაშვილის ძმაც. 

"ცუდად იყო და ექიმს დაუძახა და იმის მაგივრად, რომ ექიმის მხრიდან რეაგირება მომხდარიყო და გადაეყვანათ, დააძინეს. მოგვიკლეს უყურადღებობით", - ჰყვება გარდაცვლილის ძმა ფორმულასთან

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინოს მკურნალი ექიმი არც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოდის მათთან კონტაქტზე. 

 

 


close დახურვა