logo
ENG



ვის ეხება და როგორ უნდა მიიღოთ თვითდასაქმებულთა დახმარება - შემოსავლების სამსახურის განმარტება

03 დეკ 202015:13
3 წუთის საკითხავი
clock 3325
2020/12/03/2g6hdsex3jev73j.jpg

დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული "წერტილოვანი შეზღუდვების" გამო, საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება შეჩერებული აქვთ.

იმისათვის, რომ კომპენსაცია მიიღოთ, ან შემოსავლების სამსახურში უნდა იყოთ რეგისტრირებული, ან ინფორმაცია დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge.

პირველადი განაცხადების წარდგენა მოხდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, (იხილეთ შესაბამისი დანართი 1) ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ   დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები (იხილეთ შესაბამისი დანართი 2 ).

შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც  2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.

შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე განმარტებით, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს,  რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად: 

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ყველა დასახელებული შეზღუდვა აღდგება.


close დახურვა