logo
ENG



ბაქრაძე: ელჩებს ერთობლივი პოზიცია წერილობითი ფორმით მივაწოდეთ, ვთხოვეთ, მიაწოდონ "ოცნებას"

04 დეკ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ფასილიტატორ დიპლომტებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მორიგი შეხვედრა დასრულდა.

როგორც ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა საკუთარი პოზიცია დოკუმენტური ფორმით წარადგინეს. ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ფასილიტატორები დოკუმენტს მმართველ გუნდს წარუდგენენ.

ოპოზიცია მათი მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტურ პასუხს ელის:

​"ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეჯერებული და ერთიანი პოზიცია და ამ პოზიციის დაფიქსირება მოხდა ძალიან დეტალურად, გაწერილი დოკუმენტური ფორმით. ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი და როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი პოზიციის სახით გადავეცით ელჩებს.

ჩვენი თხოვნა იყო, რომ მათ, როგორც ფასილიტატორებმა ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ ქართულ ოცნებას და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ დოკუმენტირებულ პასუხს",-თქვა ბაქრაძემ.

რაც შეეხება დოკუმენტის შინაარსს, როგორც ბაქრაძემ განმარტა, მანამ სანამ ქართული ოცნების მხრიდან დოკუმენტზე ოფიციალური პასუხი არ იქნება, ის საჯაროდ დეტალებზე ვერ ისაუბრებს:

"ჩვენი ფასილიტატორების თხოვნაა, რომ სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი ქართული ოცნებისგან, შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ. შემიძლია გითხრათ, შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდეც აყალიბებდა ოპოზიცია",-თქვა ბაქრაძემ.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა, მაგრამ შეხვედრები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. უცნობია თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი.

 


close დახურვა