კარტოგრაფების საქმეზე პროკურატურაში კიდევ ერთი ადამიანი, მალხაზ მიქელაძე გამოკითხეს.
ის 2004-2006 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
მიქელაძის გამოკითხვა გუშინ, 4 დეკემბერს გვიან ღამით დასრულდა, დღეს კი საგამოძიებო უწყებაში ტექნიკური საკითხების შესახებ დაიბარეს.
"მე ვარ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გახლავართ, წლების განმავლობაში დელიმიტაციის საკითხებზე ვმუშაობდი, პროკურატურას გარკვეული დეტალები აინტერესებდა, მუშაობის თაობაზე, იმ მასალების თაობაზე, რაც გამოყენებულია, ყველაფერზე პასუხი გავეცი. ვფიქრობ, ამ გამოკითხვებში კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. გუშინ ხანგრძლივი გამოკითხვა მიმდინარეობდა, დღეს უნდა გაფორმდეს გამოკითხვის ოქმები".- თქვა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ის არ აპირებს, გამოძიებისთვის ერთხელ მიცემული ჩვენება შეცვალოს.
ასევე, როგორც მიქელაძემ თქვა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პროკურატურასთან მისი ჩვენება უარყო, რაც გასაკვირია.
"მიხეილ ჯანელიძის ჩვენებას არ ვიცნობ, ვიცი, რომ მან ჩემი ჩვენება უარყო, რაც ჩემთვის გასაკვირია. იქ იყო საუბარი, გამოვიყენოთ თუ არა გარკვეული კარტოგრაფიული მასალა, როგორც საქართველოს პოზიცია. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობდა, ეს განხილვა ნამდვილად მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მე არ ვფიქრობ, რომ რამე დამიშავებია, 23 წელია, დიპლომატი ვარ, ჩემს ქვეყანას ვემსახურები, ჩართული ვარ მრავალ ურთულეს მოლაპარაკებაში. დელიმიტაციის კომისია ძალიან პატრიოტული გრძნობით იყო წლების განმავლობაში განმსჭვალული, ყველა ვასრულებდით ჩვენი ქვეყნის საქმეს". - განაცხადა მიქელაძემ.
დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ, არ იყენებდნენ 1937-1938 წლებში გამოცემულ რუკას, მასშტაბით 1 : 2 000 000 და რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "მიზანმიმართულად გამოიყენეს 1970-80-იან წლებში გამოცემული 1:100 000-იანი და 1 : 50 000 მასშტაბის რუკებზე არსებული საზღვრის ხაზი, რომლებიც სახელმწიფოთაშორის ორმხრივად დამტკიცებული არასდროს ყოფილა და არსებითად ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ისტორიულ საზღვრებთან".
პროკურატურამ გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული რუკების საფუძველზე დაიწყო, რომელიც მათ, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, რუსეთში მომუშავე ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის დახმარებით მოიპოვეს. რუკა, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა, ხიდაშელმა, თავის მხრივ, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანაშრომლობით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას არ ედავება უშუალოდ დავით გარეჯის მონაკვეთზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას. უწყება მათ ედავება აზერბაინჯანთან კომისიის დონეზე სამუშაო დოკუმენტებზე შეთანხმებაზე და ამტკიცებს, რომ კომისიას სხვა დოკუმენტები რომ გამოეყენებინა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა.
ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა".
იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. ადვოკატები აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება, უარი ეთქვათ ირაკლი ღარიბაშვილის და სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაზე, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ წერილზე პასუხს არ სცემს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ უწყება მიზანმიმართულად მალავს მელაშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელ დოკუმენტებს.
დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების, გელა ბეჟუაშვილის და ნინო კალანდაძის გამოკითვაზე დაბარება, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოკითხვაზე კი უარის თქმა სწორედ მმართველი გუნდის ინტერესზე მიუთითებს, საქმე ყოფილ მაღალჩნოსნებს მიზანმიმართულად დაუკაშირონ.