ემა ნაგიევა
''პანდემია თუ აისახა ჩვენზე? ისეთი შეკითხვაა, არც ვიცი, პასუხი ღირს თუ - არა. ნებისმიერ ადამიანზე აისახა. რაც კარანტინი გააკეთეს, ხუთი დღის განმავლობაში, დღეს პირველად ვივაჭრე, ისიც, 20 ლარი. ახლაც, ერთი კილო კი არ აიღო ქალმა, აიღო 35 თეთრის... ჰოდა, აი ეგრე მოდიან და ცოტ-ცოტას ყიდულობენ. ფული არა აქვს ხალხსა. ხალხი არც დადის, ტრანსპორტი არაა. ასე რომ გაეკეთებინა მთავრობას - ავტობუსზე ''კანტრალიორები'' დაეყენებინა და, დავუშვათ, 10 კაცი შეეშვათ. მე ეგრე მგონია, რომ ბიზნესისთვისაც და ყველასთვის შეღავათი იქნებოდა, რაღაცას მაინც გავაკეთებდით.
ისიც კი არ შემიძლია ვთქვა, რომ ვარსებობ. აქ [ვარკეთილიდან] ფეხით მოვდივარ, ამის წინაც ფეხით მოვედი. სიმართლე რომ ვთქვა, “დაჟე” ტაქსის ფული რომ მქონდეს, ვერ დავჯდებოდი იმიტომ, რომ ვიფიქრებდი, ტაქსისთვის უნდა გადამეხადა თუ პურისთვის. ამიტომ, ფეხით დავდივარ სიცივეში. ტაქსი ხუთი ლარი რომ ღირდა, ახლა იძახიან - 7 ლარი, 8 ლარი... და სამი დღის განმავლობაში, სულ 6 ლარი მქონდა ნავაჭრი. თუ დღეში 5 პური მჭირდებოდა ოჯახში, ორი პურის ყიდვა მომიწია. მე ხომ კარტოფილს ვყიდი და რაც “ბრაკიანი” იყო და ნარჩენი, ვყრიდი. უკვე აღარ გადავყარე, წამოვიღე სახლში და ვიხმარე. ზამთრის მარაგი რაცა მქონდა, ისიც მითავდება. პატარა ბავშვს ცარიელი წყალი და პური?! - ეგრე არ გამოვა. ჩვენ, უფროსები რამენნაირად კი ვიზამთ. ყველაფრის ფასი აწეულია. მე, მაგალითად, ხილ-ბოსტანს რომ ვყიდი, ისიც გაძვირებულია. 10-20 თეთრს ვუმატებთ, მეტს კი არა და ისიც არ იყიდება.
სიტუაცია თუ გამოსწორდება? ეს უკვე ოცნებაა... უკვე ნაღდად შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებაში ვარ. სამუშაო რომ იყოს, გგონიათ, ხალხი არ წავიდოდა?! სუყველანი თავს დაანებებდნენ ბაზარს და გულით და სულით წავიდოდნენ. ადრე უკეთესი მდგომარეობა იყო ბაზარში, რაც დრო გადის, უარესდება ყველაფერი. ახლა მიკროსაფინანსოს ვალი მაქვს, ყოველდღე 20 ლარი უნდა გადავიხადო. ოთხ დღეში ექვს ლარს რომ ივაჭრებ, რა უნდა გადაიხადო?! ახლა სხვაგან ვსესხულობ და ისე ვისტუმრებ, იმ იმედით, რომ გაიხსნება და რაღაცა იქნება.
სადღესასწაულო განწყობა არა მაქვს. ბავშვებსაც არა აქვთ, ვატყობ. ხალხი ნულზე იქნება წელს და ვერ მოემზადება ახალი წლისთვის. ახლა ერთ რამეს გეტყვი - როცა სააკაშვილი იყო და “ფანატანებს” აკეთებდა, ხალხი დასცინოდა, სათავისოდ და პარლამენტის გასარეცხად აკეთებს, სუფთად რომ იარონო. ახლაც - ეს განათება და ნაძვის ხეები ხალხისთვის არ არის. ადამიანი როცა მშიერია, ხალისი არ აქვს, სტიმული არ აქვს, როცა იმედი არ აქვს... მინდა, ამ მთავრობამ უბრალო ტანსაცმელი ჩაიცვას და ხალხში იტრიალოს, აუცილებელი კი არაა, კოსტუმი ეცვას. ხალხს დახედოს და მოუსმინოს, როგორ ცხოვრობენ. იშვიათად დაინახავ გაღიმებულ სახეს, უკვე კარგს აღარავინ ელოდება. ელოდებიან, რომ უარესად იქნებიან და როცა ეს მესმის, ჩემზე ძალიან მოქმედებს. ვეუბნები, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, მარა გულის სიღრმეში მეც მათსავით ვფიქრობ.
ყოველ საღამოს ვფიქრობ, ნეტა, ხვალ კარგი დღე გათენდეს, ყველაფერი კარგად იყოს, რაღაცა ვიშოვო, რომ... რა ვიცი, კუჭს რომ არ ვუღალატო. ნეტა, ავად არ გავხდე. ვაითუ, ავად გავხდე, ვინ მომივლის, წამალი საიდან მექნება... ჩემი ოჯახიც ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული, ადრე სხვებიც მუშაობდნენ, მაგრამ ჩემი გოგო თებერვლიდან აღარ მუშაობს, რაღაც პერიოდი იყო სამსახურიდან დახმარება, მაგრამ მერე შეწყვიტეს, ფიზიკურად ვეღარ აძლევდნენ. ის ერთჯერადი დახმარება რა არის?! მე არც ვარ ოფიციალურად გაფორმებული, რაღაც საბუთი უნდა მივიტანო და ან მომცემენ, ან – არა. პენსიონერებიც არიან აქ. პენსიონერი სახლში უნდა დაჯდეს და ოჯახში ახალგაზრდა ვინცაა, იმისთვის იყოს სამუშაო. ბევრ პენსიონერს ვიცნობ, ვეკითხები - რაზე გამოდიხარ, რაზე მუშაობ? აბა, რა ვქნა, ჩემი შვილი არ მუშაობს, სამსახურს ვერ შოულობსო. გამოდის გარეთ, რომ რაღაც გააკეთოს.
ჩვენ, საქართველოში დაბადებული ქალები, გინდა ქართველი იყოს, გინდა, სომეხი - ნებისმიერი ეროვნება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაგრები ვართ, გამძლეები ვართ. დარწმუნებული ვარ, სხვაგან ასეთი მაგარი ქალები არ არიან. და ყველაზე კარგი რაცაა, ჩვენი ქალები ბოროტები არ გახდნენ. კი ვლანძღავთ ერთმანეთს, მაგრამ გაჭირვების დროს, სულ ერთად ვდგებით.
მაგალითად, ვინმესთან თუ ვიჩხუბეთ და ვთვლით, რომ მტერია, ვლანძღავთ და ვლანძღავთ, მაგრამ თუ დავინახეთ, რომ წაიქცა, ფეხს კი არ ვკრავთ, პირიქით, ფეხზე ვაყენებთ. მე ეგრე მინახია. მე თვითონაც ეგეთი ვარ და ჩემ გარშემოც ყველანი ასე არიან.
მე, მაგალითად, ძალიან ვამაყობ, რომ აქა ვცხოვრობ. კი, მე ქართველი არ ვარ და იყო სიტუაცია, რომ საქართველოდან წასვლაც შემეძლო, ბევრი შესაძლებლობა მქონდა იმ შიმშილობის და “ზვიადობის” დროს, მაგრამ - არა. ვერსად გავძელი, მაქსიმუმ,1 თვე. ვყვიროდი, საქართველოში მინდა-მეთქი, თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, ყველას მუსლიმანი ვეგონე - დავიჩოქე და ვკოცნიდი და ვეფერებოდი მიწას. ასე ძალიან რატო მიყვარს? ჯერ ერთი, ამ მიწაზე დავდივარ, ამ მიწაზე მძინავს, ამ მიწისგან წყალსა ვსვამ და პურსა ვჭამ, ვსუნთქავ ამ ჰაერით და ვაზროვნებ, როგორც ქართველი. სულ ვამბობ, ქართველი იეზიდი ვარ-მეთქი.
მომავლის რწმენა არის, მაგრამ, იცით, როგორ? მიზერი, სულ პატარა. მე არ მგონია, რომ უკეთესისკენ რამე შეიცვლება. ღმერთმა ქნას, შეცდომით ვმსჯელობდე. მგონია, რომ ქვეყანაში ყველაზე მთავარი პრობლემა ეკონომიკაა. ეს ჭუჭყიანი ფული იგრე ატრიალებს ჩვენს სულებს... ფული გვაკონტროლებს ჩვენ, ასე გამოდის.
მე ყოველდღე სხვადასხვა დღეები მაქვს. კი ვარ ბაზარში, მარა ერთფეროვნება არ არის. თვითონ მე ვამხნევებ ჩემს თავს და ვცდილობ, ხალხიც გავამხნევო. როცა ვიღაცას ცუდ ხასიათზე ვხედავ, შეიძლება, მეც ცუდ ხასიათზე ვიყო, მარა რამე ისეთს წამოვროშავ, ხალხი გაიცინებს, გამვლელ-გამომვლელი კი იტყვის - ეს ქალი უბერავს... ეგენი შემოდიან და გადიან, მარა არ იციან, აქ რა ხდება. როცა ვხედავ, ვიღაცა ჩხუბობს და კამათობს, მე ვიღებ და რადიოს მუსიკას ვრთავ, ეს ცუდი აურა სხვებზე რომ არ გადავიდეს. სწორად ვაკეთებ თუ სისულელს ვაკეთებ, მაგასაც ვერ გეტყვი. მე თვითონ მხიარული ადამიანი ვარ, მიყვარს მხიარულობა და ყოველდღე რაღაცას ვპოულობ ამისთვის.