ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყანამ ეროვნული ასამბლეის 277 წევრი უნდა აირჩიოს. თუმცა, არჩევნებს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და მმართველ გუნდს თაღლითობაში ადანაშაულებს.
უკვე 2 წელია, ვენესუელაში ძალაუფლებისთვის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო იბრძვიან.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოცხადდა, მსოფლიოს მასშტაბით დაიგმო. გუაიდო გარდამავალ პრეზიდენტად გამოცხადდა აშშ-ის და 50 სხვა ქვეყნის მიერ. .
დიდი ალბათობით, არჩევნებში გამარჯვებულად ისევ ნიკოლას მადურო გამოცხადდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა მნიშვნელოვნად გაღარიბდა, ეკონომიკურ კრიზისს კი აშშ-ის სანქციებიც ამწვავებს. შეზღუდულია ქვეყნიდან OPEC-ის ნავთობის ექსპორტი.
ახალ პარლამენტს ცოტა ბერკეტი ექნება ვენესუელელთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, რომელთა შემოსავლებიც მათ ყოველდღიურ საკვების ხარჯებს თუ ფარავს.ასევე, ვერ გაუმჯობესდება ნიკოლას მადუროს რეპუტაცია, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების თვალში ისედაც შელახულია ცუდი მართვის და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
ხუან გუაიდო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რათა არჩევნებში, რომელიც დარღვევებით ტარდება, ლეგიტიმაცია არ მიანიჭონ. ნაცვლად ამისა, გუაიდო ამომრჩევლებს სთხოვს, მივიდნენ 12 დეკემბერს დანიშნულ რეფერენდუმზე, რომელზეც მოქალაქეებს კითხვას დაუსვამენ: უნდათ თუ არა ხელისუფლების შეცვლა.