logo
ENG



ბაქრაძე: გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ რამდენიმე მთავარ საკითხზე - ვერა

07 დეკ 202016:38
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთიერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შედეგად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გარკვეულ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, თუმცა "რამდენიმე მთავარ საკითხს" ეს არ ეხება.

როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ხვალ, 8 დეკემბერს მორიგი შეხვედრა გაიმართება.

"საზოგადოებას და თქვენ, ჟურნალისტებს ბოდიში უნდა მოგიხადოთ, დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი, ხვალ იქნება შემდეგი შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადოებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

ოპოზიციის მიერ შემუშავებული დოკუმენტი  არც ერთ პარტიას არ გაუსაჯაროებია. თუმცა, ის ფორმულამ ექსკლუზიურად მოიპოვა. 

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი მიმდინარეობდა. 

ისინი დღეს იმ 4-პუნქტიან გეგმას განიხილავდნენ, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა და რომლის ერთ-ერთი პუნქტიც რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაა. 

4 დეკემბერს ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს წერილობითი ფორმით წარუდგინა წინადადებები, რომელშიც საუბარია რიგგარეშე არჩევნებზე ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მათი თქმით, ეს დოკუმენტი არის ერთგვარი რუკა, რომელშიც კრიზისიდან გამოსვლის გზებზე არის ლაპარაკი. 

წარდგენილ წინადადებებში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლასთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ერთ-ერთი პუნქტი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტის დანიშვნასაც ეხება. 

მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება. 

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიცია ითხოვს, ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ფასილიტატორები საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები არიან. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში უკვე 2 შეხვედრა შედგა, თუმცა, უშედეგოდ. 

თუ ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მათი ბოიკოტიც ძალაში დარჩა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება. 


close დახურვა