logo
ENG



იოსელიანი კაპანაძეს: გინდა, ყველაფერზე დაგთანხმდნენ? არჩევნების გამო ხალხს ციხეში ტოვებ?

10 დეკ 202009:08
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/10/y39ul1wc0kycuhm.png

მოქალაქეების გენერალური მდივანმა ლევან იოსელიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ თუ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრებზე ოპოზიციის მოთხოვნას არ შეასრულეს და მათ ციხეში დატოვებს, პარლამენტში არ შევა.

როგორც იოსელიანმა ევროპული საქართველოს წევრთან, სერგი კაპანაძესთან კამათისას განაცხადა, ხელახალი არჩევნების გარდა მმართველ გუნდთან სხვა პუნქტებიცაა განსახილველი და მოლაპარაკებების გაგრძელება აუცილებელია. 

"100%-ით გინდა, ყველაფერზე დაგთანხმდნენ? მაშინ მე გისვამ შენ კითხვას თუ უშვებენ პოლიტპატიმრებს, თუ ცვლიან საარჩევნო სისტემას, თუ ბარიერების საკითხი ლაგდება, თუ შანსი გვაქვს, რომ მართლა სამართლიანი არჩევნები მივიღოთ და მარტო ეს ერთი საკითხი რჩება (ახალი არჩევნები), ამ ერთი საკითხის გამო ამბობ ამ ყველაფერზე უარს და იმ ხალხს ტოვებ ციხეში?" - განაცხადა იოსელიანმა.

თავის მხრივ, სერგი კაპანაძემ იოსელიანს უთხრა, რომ მმართველი გუნდი ტყვეებით ვაჭრობს, რაც მისთვის მიუღებელია. 

"ეგრე არ დგას საკითხი. ეგ არის, რასაც ქართული ოცნება ამბობს, ტყვეებით მევაჭრება? მიუღებელია ტყვეებით ვაჭრობა - პარლამენტში თუ არ შემოხვალ ამას არ გავუშვებო", - აცხადებს კაპანაძე.

მისი თქმით, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ხოლო საარჩევნო წესის ცვლილებასთან დაკავშირებით შეიძლება, იყოს კომპრომისის საშუალება.

გუშინ 9 დეკემბერს მოქალაქეების დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას საარჩევნო სისტემის რეფორმირების შემოთავაზების სანაცვლოდ განიხილავს. აღსანიშნავია, რომ ელისაშვილს ვიდეომიმართვაში არ უხსენებია პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა, რომელიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს ერთერთი მთავარი საკითხია. ოპოზიციის თქმით, თუ პოლიტპატიმრები (ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე, აკაკი კობალაძე და გიორგი რურუა) არ გათავისუფლდებიან, ისინი პარლამენტში არ შევლენ. 

მოქალაქეებმა პოლიტპატიმრებზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, როდესაც მათ მიმართ გაჩნდა კრიტიკა, რომ ისინი პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საფუძველზე შედიოდნენ. 

მმართველი გუნდი კი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობს უარყოფს. მათ არც ერთ საჯარო გამოსვლაში აღუნიშნავთ, რომ დაკავებულების გათავისუფლების საკითხი დგას დღის წესრიგში. ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება სასამართლოს ხელისუფლების პრეროგატივაა და ისინი ამ პროცესში ვერ ჩაერევიან.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პოლიტპატიმრის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები და ამერიკის კონგრესმენები და სენატორები მმართველ გუნდს რურუას გათავისუფლებისკენ დღემდე მოუწოდებენ, ქართული ოცნება პირობას დღემდე არ ასრულებს. 

მოლაპარაკებების მე-4 რაუნდის შემდეგ მოქალაქეების გარდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ საერთო შეთანხმების არარსებობის პირობებში, მეათე მოწვევის პარლამენტს კვლავ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. 

ოპოზიციის მოთხოვნებია ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. 

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე 1 დღე რჩება. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პარლამენტი 11 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე შეიკრიბება. 


close დახურვა