logo
ENG



ოპოზიციამ, პარლამენტის სხდომის პარალელურად, მანდატების გაუქმების მემორანდუმს ხელი მოაწერა

11 დეკ 202012:31
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ. 

მონაწილე პარტიები ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

ხელის მოწერის ცერემონიას არ დაესწრნენ გირჩი, რესპუბლიკური პარტია და მოქალაქეები. არმისვლის მიუხედავად, გირჩს უკვე გაცხადებული აქვს, რომ 14 დეკემბერს პარლამენტს მანდატების გაუქმების და პარტიული სიის დახურვის მოთხოვნით მიმართავს. 

რესპუბლიკური პარტიის ორმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები ბლოკ ენმ - ძალა ერთობაშიასთან ერთად მოიპოვეს, დღეს განაცხადეს, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მხოლოდ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავენ. 

რესპუბლიკელების ამ პოზიციას ბლოკში პარტიორების მწვავე შეფასებებიც მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია ალეკო ელისაშვილის გზას დაადგა. 

თავად ელისაშვილი უკვე რამდენიმე დღეა აცხადებს, რომ პარლამენტს მოპოვებული 2 მანდატის გაუქმების მოთხოვნით მანამ არ მიმართავს, სანამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულდება. ელისაშვილი აცხადებს, რომ იგი ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის სივრცეს ხედავს, ოპოზიციონერ კოლეგებს კი პროცესის ჩაშლასა და საბოტაჟში ადანაშაულებს. 

ბარიერგადალახული პარტიები მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად 14 დეკემბერს მიმართავენ. მანამდეა ჩანიშნული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართება. 

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს. 


close დახურვა