logo
ENG



ნიჟარაძე ოცნების მხრიდან PVT-ზე ინფორმაციის უკანონო მიყურადების გზით მიღებას არ გამორიცხავს

12 დეკ 202014:16
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/12/n728das0df8cb5f.jpg

სამართლიანი არჩევნების (ISFED) ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სწორედ ფარული მიყურადების საშუალებით შეიტყვეს წინასწარ პარალელური დათვლის (PVT) შედეგების ჩასწორების შესახებ ინფორმაცია. 

"ქართულმა ოცნებამ მანამდე რატომ იცოდა, ეს უნდა ვკითხოთ ქართულ ოცნებას. მე არ ვიცი, საიდან მიიღეს მათ ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ორგანიზაციაში ეს იცოდა ადამიანების ძალიან შეზღუდულმა რაოდენობამ. მე არ გამოვრიცხავ არაფერს, მე მტკიცებულება ამ შემთხვევაში არაფერი არ მაქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ", - ამბობს ნიჟარაძე. 

საქმე ეხება გუშინ ორგანიზაციის მიერ პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორებას, რომლის შედეგადაც ქართულ ოცნებას ამავე მაჩვენებლით შედეგი 2%-ით გაეზარდა. 

ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ხარვეზი ხმების დათვლის პროგრამაში დაფიქსირდა, რომელიც დამოწმებულ ბიულეტენებთან ერთად გაბათილებულ ბიულეტენებს ითვლიდა. ISFED-ის წარმომადგენლების განმარტებით, სწორედ ამან გამოიწვია შედეგებში აცდენა. 

ქართული ოცნების გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძე პარალელური დათვლის შედეგების ჩასწორების შესახებ ინფორმაციას, სავარაუდოდ, წინასწარ ფლობდა. ამას მოწმობს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიც, რომელთა მიხედვითაც, კობახიძე მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციას სთავაზობდა, რომ არჩევნების გაყალბების საკითხი სწორედ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით გადაეწყვიტათ. 

ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგა ბოკერიამ გუშინ ფორმულას ეთერში განაცხადა, რომ ამით კობახიძე ოპოზიციას მახეს უგებდა, რადგან წინასწარ იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები მმართველი გუნდის სასარგებლოდ ჩასწორდებოდა. 

"აქედან ირკვევა, რომ რაღაც ფორმით, დიდი ალბათობით, უკანონო ფორმით, მიყურადების ფორმით, იცოდნენ ამის შესახებ და მახეს უგებდნენ ოპოზიციას, თავისი მოკლე ჭკუით. ჩვენ უნდა დავთანხმებულიყავით, რომ PVT-ია საზომი და მოდი ჩავუჯდეთ ოქმების დაჯამებას და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, და იქ გაგვჭედავდა თავისი ჭკუით", - განაცხადა ბოკერიამ.

თავად ირაკლი კობახიძემ ბრალდება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო. მან მხოლოდ დაადასტურა, რომ მმართველ გუნდსა და ISFED-ს შორის პარალელური დათვლის შედეგების შესახებ კომუნიკაცია მართლაც შედგა. მისი თქმით, პარტიაში "ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე" მიხვდნენ, რომ დათვლის პროცესში ხარვეზები იყო დაშვებული. 

"აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის შედეგები დაემთხვეოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. 

ჩვენ მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა", - ამბობს კობახიძე. 

ქართული ოცნების წევრებთან კომუნიკაციას ორგანიზაციის თავმჯდომარეც ადასტურებს, თუმცა ნიჟარაძე განმარტავს, რომ ორგანიზაციაში შედეგების აუდიტი არჩევნების დასრულების შემდეგ რამდენჯერმე ისედაც ტარდება. მისი თქმით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი აუდიტის დროს აღმოაჩინეს ორგანიზაციის თანამშრომლებმა დაშვებული ხარვეზი. 

გუშინ ფორმულამ, წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორგანიზაცია სამართლიან არჩევნებზე (ISFED) ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რომ მათ პარალელური დათვლის შედეგებს გადახედონ და ის ქართული ოცნების სასარგებლოდ შეცვალონ.

აღნიშნულ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა კობახიძის მტკიცებით, შეხვედრაზე, რომელიც მისივე თქმით, 2-3 კვირის წინ შედგა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ორგანიზაციის მეთოდოლოგიით დაინეტერესდნენ

 


close დახურვა