logo
ENG



ადვოკატი: თითქოს ბიძინა ესებუას უნდა მიეყვანა პოლიცია ბადრიმდე და დაიჭირეს, აბსურდულია

13 დეკ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 

ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა საბრძოლო მასალების უკანონოდ ტარების ბრალდებას არ აღიარებს. 

ბიძინა ესებუა შსს-მ 12 დეკემბერს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. 

უწყების განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას კავშირი ჰქონდა თავის ძმასთან, ბადრი ესებუასთან, რომელიც, თავის მხრივ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაშია ბრალდებული. სწორედ ამ მიზეზით, შსს ბიძინა ესებუას უთვალთვალებდა. 

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდება სიცრუეა, ხოლო ბიძინა ესებუას იარაღი ჩაუდეს.  იოსებ ჯანაშიასვე თქმით, თავად პოლიციის ქმედებაა აბსურდული და მათსავე ლოგიკას ეწინააღდეგება. 

"ის ამბობს, რომ 2 დღის განმავლობაში ეყენა მანქანა სამსახურთან, რომლის საბარგულიც არ იკეტებოდა და სწორედ მაშინ ჩაუდეს საბარგულში პროდუქტები და საბრძოლო მასალა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია პოლიცია, რომელიც უთვალთვალებს პირს, რომელმაც სამართალდამცველები უნდა მიიყვანოს ბადრი ესებუამდე და ამ დროს ისე, რომ საგამოძიებო მოქმედება არ სრულდება, აკავებენ პირს და ამოაქვთ ეს ნივთები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პოლიციის ვერსიის აბსურდულობას. თუ მათ ლოგიკას გავყვებით, ბადრი ესებუამდე მისასვლელი ერთადერთი ჯაჭვიც კი დაკარგეს". - ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია. 

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 


close დახურვა