logo
ENG



შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა

12 დეკ 202015:02
3 წუთის საკითხავი
clock 1854

დღეს, 12 დეკემბერს ზუგდიდში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავა. 

შსს-ის ცნობით, გამოძიება ბიძინა ესებუას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. 

უწყების განცხადებით, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიცია მას უთვალთვალებდა.

შსს ამბობს, რომ პოლიციამ ესებუა მაშინ დააკავა, როცა ის მიმალვას ცდილობდა. 

"დაკავებულის კუთვნილი, ბმვ-ის მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი".- აცხადებს შსს. 

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

***

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ ლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 

მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. 4 დეკემბერს ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა. 


close დახურვა