
არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ახალი წლის კონცერტების ჩასატარებლად 2.7 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა.
ორგანიზაციის ცნობით, მერია 100,000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216,000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე გასაშუქებლად.
"2021 წელს, 261 მილიონი ლარით შემცირებული ბიუჯეტის პარალელურად, 5.5 მილიონი ლარით იზრდება თბილისის მერიის შრომის ანაზღაურება.
თბილისში მინიმუმ 106,253 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეშია და უფასო სასადილოების ბენეფიციართა დღიური რაციონი მომავალი წლისთვისაც 1.3 ლარით განისაზღვრება", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილია ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ზემოთ ხსენებული ყველა შეზღუდვა აღდგება.
ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.