ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარტიის თავმჯდომარის წასვლის დასახელებულ მიზეზზე ამბობს, რომ "გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას".
"არ მინდა ვიყო მკვახე, მაგრამ აუცილებელია ვიყო გულწრფელი. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას", - ამბობს დეკანოიძე.
მისივე თქმით, ჯერჯერობით, სხვა ლიდერებს, რომან გოცირიძეს ან სალომე სამადაშვილს პარტიიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამთ.
დღეს, 15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს.
ვაშაძე Facebook გვერდზე წერს, რომ ის არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
ვაშაძე ასევე წერს, რომ პარტიის დატოვების ერთერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა." ვაშაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია დიპლომატების წინააღმდეგ თავდასხმა. როგორც ის განმარტავს, ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.