logo
ENG



პროკურატურა: ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა, გამოძიება შეწყდა

17 დეკ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

პროკურატურის განცხადებით, ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით,საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. 

"საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის სამქეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - განაცხადებს პროკურატურაში. 

პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები.

"18 ივლისს ბაჩალიაშვილმა 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის ბაჩალიაშვილის გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი", - აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის თქმით, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.

პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით, არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.

"2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან", - აცხადებენ პროკურატურაში.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ Apple-ის მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. 

"რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები", - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

პროკურატურის სრული განცხადება იხილეთ ამ ბმულზე.

23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს დაიკარგა. 23 ივლისს ის თეთრიწყაროს სოფელ მაწევანთან, ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და დღემდე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.


close დახურვა