logo
ENG



გომელაურის თქმით, ჯამში კრიმინალს არ მოუმატია, თუმცა იმატა მკვლელობებმა, ოჯახში ძალადობამ

18 დეკ 202011:07
3 წუთის საკითხავი
clock 2580

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა, დანაშაულის სტატისტიკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ მთავრობის ოპონენტები ხშირად საუბრობენ კრიმინალის მატებაზე, რაც პოლიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. გომელაურის თქმით, სტატისტიკით მტკიცდება, რომ ოპონენტების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, გარკვეულ დანაშაულებზე არის მატება. კერძოდ, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 11%-ით იმატა მკვლელობების რაოდენობა.

"ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული შემცირდა 10%-ით. გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე. მაგალითისთვის, კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ - 8,5%-ით, 11%-ით იმატა მკვლელობამ", - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრის თქმით, არის პოზიტიური ტენდენციები ისეთი კატეგორიის დანაშაულებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე. 

კერძოდ, გომელაურის თქმით, ყაჩაღობა შემცირდა - 42%-თ, ძარცვა - 25%-ით, გამოძალვა - 34%-ით, ქურდობა - 12%-ით, მკვლელობის მცდელობა -5%-ით.


close დახურვა