logo
ENG



ჭყონია: თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება, ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდება

21 დეკ 202013:40
3 წუთის საკითხავი
 

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ამბობს, რომ  ხელისუფლება ზამთარს, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის კუთხით, მოუმზადებლად შეხვდა. 

ფორმულას ეთერში, გადაცემაში კომენტარი ჭყონიამ თქვა, რომ ცხადია - რაც მეტი იქნება შეზღუდვა, მით ნაკლებად გავრცელდება კორონავირუსი, თუმცა, ამასთან, ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. 

"ზაფხულის პერიოდში უკეთ რომ მოვმზადებულიყავით, ალბათ ახლა ვითარება სხვა იქნებოდა. მოქალაქეების ინფორმირებულობა იმაზე, როგორ დაიცვან თავი, ასევე სხვა შედეგს მოგვცემდა. 

ჩვენს ქვეყანაში ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. კორონავირუსიც რომ არ ყოფილიყო, ეს მდგომარეობა ისედაც უარესობისკენ მიდის: ინვესტიციები იკლებს, ლარი უფასურდება და შესაბამისად, ცხოვრება უფრო და უფრო რთულდება. 

ბიზნესი ჩავარდება უმძიმეს ვითარებაში. შემიძლია იმ კომპანიების სახელით ვისაუბრო, რომელსაც შემოაქვთ ზამთრის პროდუქცია: ტანსაცმელი იქნება ეს, ზამთრის სათამაშოები, ჭურჭელი თუ სხვა. რომელიც ახლა თუ არ გაიყიდა, შეიძლება მომავალ წლამდე იდოს, გარკვეული ცვეთაც ექნება, სეზონურობაც გაუვა. შეიძლება მომავალ წელსაც არ გაიყიდოს და ისედაც, დაბანდებული ფულის გაჩერება ბიზნესისთვის კატასტროფაა". - თქვა ჭყონიამ. 

მისივე თქმით, იმ იმპორტიორების დიდ ნაწილს, რომლებმაც წინასაახალწლო და ზამთრის პროდუქცია შემოიტანეს, დამატებითი ღირებულების გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ. 

"ჩვენი თხოვნა იყო, რომ იმპორტიორებს, ვისაც ასეთი პროდუქტი შემოაქვს, დღგ-ის ნაწილში დაგვხმარებოდნენ - მოეცათ უფლება, მას შემდეგ გადაგვეხადა, რაც ისინი გაიყიდებოდა. ახლა ყველას გადახდილი აქვს დღგ. 

როცა ვლაპარაკობთ დამატებით 10 000 უმუშევარზე, ძალიან დიდ უარყოფით შედეგს მივიღებთ ჩვენს ეკონომიკაში, რომლის აღდგენასაც რამდენად შევძლებთ, არ ვიცით. 

ის ვალდებულებები, რომელიც სახელმწიფომ აიღო, მილიარდები, ისევ ბიზნესის მიერ გადახდილი გადასახადებით არის გადასახდელი. ეს არ უნდა დაავიწყდეს მთავრობას. გაცილებით უფრო მომზადებული უნდა შეხვედროდა სახელმწიფო ზამთარს". - თქვა ივა ჭყონიამ. 

როცა 28 ნოემბრიდან ლოკდაუნი გამოცხადდა, მთავრობამ თქვა, რომ 24 დეკემბრიდან 1 კვირით შეზღუდვები შემსუბუქდებოდა, გაიხსნებოდა ტრანსპორტი და მაღაზიები. თუმცა, ჯერჯერობით, შეზღუდვების მოხსნაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 


close დახურვა