logo
ENG



რა ეტაპზეა საქართველო ვაქცინის ძიებაში
22 დეკ 202021:38
4451
2020 წლის მიწურულს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოქალაქეები უკვე იღებენ კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზებს. საქართველო მოლაპარაკებების რეჟიმშია. მთავრობას აქვს ორი გეგმა: ე.წ. მესამე ქვეყნების რიგში ვაქცინის მიღების ლოდინი და დიპლომატიური არხებით, მწარმოებელ ქვეყნებთან შეთანხმება.

ვაქცინის შემოტანის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ასახელებენ, 2021 წლის თებერვლის ბოლოს, ან მარტ-აპრილს.

კორონავირუსის ვაქცინის ძიება - სად ვართ ახლა?

ჯერჯერობით, ცალსახად ცნობილი არ არის, რომელი მწარმოებელი ქვეყნის ვაქცინაზე შეჩერდება არჩევანი. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ფორმულასთან ინტერვიუში ყვება, რომ ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) ბაზაზე შექმნილი "კოვაქს პლატფორმა" დაეხმარება, როგორც საქართველოს, ისევე სხვა განვითარებად ქვეყნებს, კოვიდვაქცინის დანერგვაში.

მისი თქმით, ამ პლატფორმას რამდენიმე მწარმოებელთან აქვს წინასწარი შეთანხმება, კერძოდ, ეს ეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ს FDA-ს მიერ აღიარებულ ვაქცინებს. ამავე პლატფორმის საბჭო გადაწყვეტს, რომელ ქვეყანას როდის ერგება ვაქცინა.

გამყრელიძე აღნიშნავს იმასაც, რომ რუსული ვაქცინის შემოტანას არ განიხილავენ, რადგან მას მხოლოდ თავისი მარეგულირებლის დასტური აქვს და არა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან ევროკავშირის.

მისივე ცნობით, წინასწარი გეგმით, ვაქცინები "კოვაქსის" მეშვეობით შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს პირველი კვარტლის ბოლოს, ან უფრო დიდი რაოდენობით, 2021 წლის მეორე კვარტალში. საქართველოს გაცხადებული აქვს, რომ პლატფორმას უკვე გადაურიცხეს $4 მილიონი, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობით, რომ დამკვეთი თავად აარჩევს სასურველ ვაქცინას.

"მათი [კოვაქს პლატფორმის] პოზიციაა, ქვეყნების მიერ განსაზღვრული რისკ ჯგუფების მიხედვით, მოსახლეობის 20% აიცრას. ამ 20%-ს 2021 წლის განმავლობაში შეავსებენ ვაქცინით. სანამ ამ რაოდენობას ეს ქვეყნები არ შეავსებენ, მანამდე დამატებით დოზებს არ გასცემენ.

ჩვენ "კოვაქსის" ფარგლებში 1 400 000 დოზა გვაქვს შეკვეთილი, რაც 700 ათასი ადამიანის აცრას ეყოფა. მოგეხსენებათ, ორჯერ იცრება ადამიანი. მისი პირველი შენატანი უკვე გადაირიცხა", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველო განიხილავს ვაქცინის შემოტანის მეორე გეგმასაც, რასაც დიპლომატიური არხებით მუშაობას უწოდებენ და გულისხმობს მწარმოებელ ქვეყნებთან პირდაპირ მოლაპარაკებას. ასევე, იმ ქვეყნებთანაც, რომელთაც უკვე დაარეზერვეს თავიანთი მოსახლეობისთვის საჭიროზე მეტი ვაქცინის დოზა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საუბარია, 200-300 ათას დოზაზე და ამ გზით სურთ, უფრო სწრაფად დაიწყონ რისკ ჯგუფების იმუნიზაციის პროცესი, თუმცა კონკრეტული თარიღის თქმა უჭირს:

"თარიღი რთული სათქმლია, მიმდინარეობს მუშაობა, რომ რაც შეიძლება, ადრე". 

რამდენად მზად ხვდება საქართველო კოვიდვაქცინას?

გადაუდებელი გამოყენებისთვის უკვე დამტკიცებულია ამერიკულ-გერმანული "ფაიზერ"/"ბიონტეკისა" და ამერიკული "მოდერნას" ვაქცინები. პირველს განსაკუთრებული შენახვის პირობები, -70/-80 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება, მეორეს — -20 გრადუსი. ასევე, მესამე, ჯერ დაუმტკიცებელ ვაქცინას "ასტრაზენეკას" ჩვეულებრივი ტემპერატურა სჭირდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი სწორედ ამ სამი წამყვანი კომპანიის ვაქცინას განიხილავს. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველო "ფაიზერის" ვაქცინას არ იყიდის, ვინაიდან "მოდერნას" ან "ასტრაზენეკას" შენახვა, ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე, უფრო მარტივია. ცერცვაძემ ქვეყანაში საჭირო მაცივრების რესურსის არარსებობაზე ისაუბრა:

"მე მგონია, "ფაიზერს" ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასიურად, განსაკუთრებით რაიონებში -80°-იანი მაცივრები არ არის. "ფაიზერი" ნაკლებად სასურველია ჩვენთვის, უფრო "მოდერნა", მას -20 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება, ან ყველაზე კარგია "ასტრაზენეკა", მას ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზე ინახავენ და ეფექტი იგივეა", - განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

ამის საპირისპიროდ, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე შეაფასეს არსებული რესურსი და მაინც მზადყოფნას გამოთქვამს "ფაიზერის" ვაქცინის შესანახად. ამასთან, იგი აღიარებს, რომ -80 გრადუსიანი მაცივრები ცოტა აქვთ, თუმცა, "კიდევ შეიძენენ".

"-70/ -80 გრადუსიანი სიმძლავრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში გვაქვს, ესენია: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. თუ მოვილაპარაკებთ "ფაიზერთან" და ამ ტიპის ვაქცინასაც მოგვაწოდებენ საქართველოს, Მზაობა შესაბამისი დოზებისთვის აქაც არის.

Ჩვენ ახლა შეგვიძლია, თავისუფლად დავასაწყობოთ ფაიზერის ვაქცინის 300 ათასი დოზა და ცოტა მეტიც. ამ ეტაპზე 40 მაცივარი გვაქვს -80 გრადუსიანი. მათი გარკვეული რაოდენობა დაკავებულია, ძირითადად, ლუგარში დგას, მოხდა მათი შემოწმება, გამონთავისუფლება. ახლა ვგეგმავთ კიდევ 3 მაცივრის შესყიდვას და საჭიროების მიხედვით, ვნახოთ.

ჩვეულებრივი სამაცივრე ტემპერატურა გამართულია ქვეყანაში. მუნიციპალიტეტების დონეზე გვაქვს -20-ზე გამართული ცივი ჯაჭვი", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

სისტემის მზაობაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მეტიც, პრესკონფერენციაზე, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგეც ესწრებოდა, მან განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა შეუძლიათ.

"ჩვენ ვამზადებთ სისტემას ვაქცინის მისაღებად, ჩატარებულია აუდიტი, რომელიც გვიჩვენებს რომ ჩვენ შეგვიძლია, ქვეყნის მასშტაბით გავაკეთოთ ყველა სახის ვაქცინის ლოჯისტიკა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს მინისტრი.

ვაქცინის შემოტანისას ლოჯისტიკის მნიშვნელობას ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად მოიაზრებს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი. ფორმულას ეთერში საუბრისას, იგი აღნიშნავს, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ვაქცინის მოქალაქემდე უსაფრთხოდ მიტანა, ვიდრე მისი რაოდენობა.

"ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით რთული შესანახი ტექნიკის პირობებში. Ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა თავისთავად ვაქცინის რაოდენობა, მნიშვნელოვანია უსაფრთხოდ მივიტანოთ მოქალაქემდე. ერთგვარი უპირატესობა გვაქვს, ის რომ ცოტა გვიან შემოდის, თუ ამას შეიძლება, უპირატესობა ეწოდოს. ჩვენ მეტად გვეცოდინება ის პრობლემები, რაც ახლავს ვაქცინაციას.

დიდი იმედი მაქვს, ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, იქნება აპრობირებული, ლიცენზირებული დასავლეთში ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ და ჩვენ მოვახერხებთ ლოჯისტიკურად რომ მოქალაქეებამდე მივიტანოთ", - ამბობს ვახტანგ კალოიანი. 

რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ვაქცინის მოქალაქეებამდე მისატანად?

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსიის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, საქართველოს მოსახლეობის 46% მის გაკეთებაზე მაინც უარს იტყვის; 17% ამბობს, რომ "ალბათ არ მიიღებს"; 22% აცრას "ალბათ გაიკეთებს".

რას აკეთებს მთავრობა ცნობიერების ასამაღლებლად? როგორ აპირებს დაარწმუნოს მოქალაქეები ვაქცინის უსაფრთხოებაში? 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 2021 წლის იანვრიდან დაიწყებენ მოსახლეობის განათლებასა და ვაქცინის გამოყენების ადვოკატირებას. Მისივე ცნობით, მზადების პროცესშია გეგმა, რომელსაც ექნება 8 მიმართულება, ერთ-ერთი კი ცნობიერების ამაღლებას შეეხება:

"ამ თვის ბოლოს უნდა იყოს კოვიდვაქცინის დანერგვის გეგმა, ამას აქვს 8 მიმართულება და ერთ-ერთია მოსახლეობის განათლება, ადვოკატირება ვაქცინის გამოყენების, მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება. ეს გეგმის საკმაოდ დიდი კომპონენტია". 

მთავრობის გეგმით, ვაქცინა პირველ ეტაპზე მხოლოდ რისკ ჯგუფებისთვის იქნება. მათ შორის იქნებიან, სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები. ეს სია ჩამოყალიბების პროცესშია და კიდევ გაგრძელდება. 

იქნება თუ არა, ან როდის იქნება კოვიდვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი - უცნობია. ამირან გამყრელიძის თქმით, "საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის" მოსახლეობის 50-დან 60%-მდე უნდა აიცრას და ამაში ითვალისწინებენ მათაც, ვინც ვირუსი გადაიტანა.

"მსოფლიოში ცხოვრობს 8 მილიარდი ადამიანი. 2021 წლისთვის არის პროგნოზი, რომ სიმძლავრეებმა შეიძლება, გამოუშვან 7-დან 8 მილიარდამდე ვაქცინის დოზა, რაც საკმარისია 3-3,5 მილიარდი ადამიანისთვის.

რას ნიშნავს საყოველთაოობა, მოგეხსენებათ, მოცვის მაჩვენებელი არასდროსაა 100%. Როგორც გითხარით, ჩვენ მომავალ წელს მივიღებთ 1 400 000 დოზას და დამატებით, მანამდე ვცდილობთ, ცოტა ადრე მივიღოთ გამოკვეთილი რისკ ჯგუფებისთვის", - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

რა ეტაპზეა კოვიდვაქცინის მწარმოებლების "რბოლა" მსოფლიოში

ამ დროისთვის მსოფლიოში 2 ვაქცინა დაამტკიცეს სრული გამოყენებისთვის, ხოლო 6 ადრეული ან ლიმიტირებული მოხმარებისთვის. 

"ფაიზერის" ვაქცინა, რომელმაც 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, უკვე დაამტკიცა კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა, ასევე, აშშ-მ გადაუდებელი გამოყენებისთვის. ამ ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც განაცხადა, რომ სურს ამერიკელებს ვაქცინის უსაფრთხოობა უჩვენოს. 

FDA-ს დასკვნით, კვლევისას პირველი დოზის მიღებიდან 2 კვირაზე ნაკლებ დროში ვაქცინამ მოხალისეების დაცვა დაიწყო, მეორე დოზამ კი გააძლიერა მათი იმუნური რეაქცია.

მალევე, 18 დეკემბერს დაამტკიცეს ამერიკული მწარმოებლის "მოდერნას" ვაქცინა, აშშ-ში დაუყოვნებელი გამოყენებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ში 5,9 მილიონი დოზის დისტრიბუცია იგეგმება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ვაქცინას 94,1%-იანი ეფექტიანობა აქვს, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ექსპერტები იმედოვნებდნენ კვლევების დაწყებისას. ექსპერტებმა აღმოაჩინეს ისიც, რომ კვლევის მონაწილეებს ვაქცინის მიღებიდან 3 თვის შემდეგაც ძლიერი იმუნური დაცვა აქვთ კორონავირუსის წინააღმდეგ. 

ჩინურმა კომპანია "ჩანსინომ" (CanSino) შექმნა ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ჩინეთში, ლიმიტირებულად გამოიყენება. მისი ეფექტიანობა დადგენილი არ არის და განსზღვრულია მისი ერთჯერადი დოზით გამოყენება.

გამალეის კვლევითმა ინსტიტუტმა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შექმნა ვაქცინა Sputnik V, რომელიც რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ორგანომ დაამტკიცა. მათივე ცნობით, კვლევებით მისი 91,4%-იანი ეფექტიანობა გამოჩნდა.

11 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსული ვაქცინის შემქნელი გამალეის ინსტიტუტი გაერთიანდა ფარმაცევტულ კომპანია ასტრაზენეკასთან, რათა ერთობლივად იმუშავონ ვაქცინაზე. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე გუნდი თავიანთ ვაქცინებს შეაჯერებს, რათა გაიგონ, მიიღებენ თუ არა უფრო ძლიერ დამცავ საშუალებას. მათი კვლევები 2020 წლის ბოლოს დაიწყება. 

თავად Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ მან 90%-მდე ეფექტიანობა აჩვენა, დამტკიცებული არაა. მათი კვლევები ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში, აპრილში დაიწყო. 

8 დეკემბერს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პირველი დასკვა გამოაქვეყნეს ვაქცინის მესამე ფაზის შესახებ. კვლევებით დადგინეს, რომ ამ ვაქცინას ადამიანის Covid-19-სგან დაცვა შეუძლია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა შედეგთან მიმართებით.

close დახურვა