logo
ENG



დეგნანი შეთანხმებაზე: გვინდა ვნახოთ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური გამბედაობა

23 დეკ 202022:08
3 წუთის საკითხავი
clock 1729

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული. ელჩი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო ინტერესს პარტიულ ინტერესზე მაღლა დააყენებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

"ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამბობს დეგნანი

ამერიკის ელჩის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, მათ შორის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, მათ განხორციელებას კი, ელჩის მოსაზრებით, არჩეული დეპუტატების პარლამენტში შესვლა სჭირდება. 

"იმედისმომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი",- ამბობს დეგნანი, - "არ დაიგეგმება არჩევნები იგივე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად. მაგრამ ეს  მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან". 

ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების 4 რაუნდი უკვე გაიმართა.  

ოპოზიციურმა პარტიების უმეტესობამ საარჩევნო სიები გააუქმა და საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართა. 

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც დეგნანთან ერთად შუამავლობს მოლაპარაკებების პროცესს, 19 დეკემბერს განაცხადა, რომ შეთანხმებისთვის სივრცე თანდათანობით იხურებოდა. 

"როგორც ფასილიტატორი ვხედავ, რომ კარი დახურვას იწყებს", - განაცხადა ჰარცელმა, -"ეს სამწუხაროა ჩემთვის".

ოპოზიციის მოთხოვნები, საარჩევნო სისტემის ნაწილში, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სრულად პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებდა, ბლოკების შექმნის შესაძლებლობით. 

ამას გარდა, ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისგან რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასა და რეფორმირებას მოითხოვენ. 

 

 


close დახურვა