logo
ENG



არჩევნები, პოლიტიკური კრიზისი და სტრატეგიული პარტნიორობა - ინტერვიუ კელი დეგნანთან

24 დეკ 202000:09
3 წუთის საკითხავი
clock 3726

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა გადაცემა გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე, საპარლამენტო არჩევნებზე, პანდემიის გამოწვევებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

— გმადლობთ, რომ დრო გამონახეთ ინტერვიუსთვის და ასევე დიდ მადლობას გიხდით ქართველი ხალხის სახელით იმ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები უწევს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 

გმადლობთ გიორგი, სასიამოვნოა, რომ შანსი მომეცა თქვენთან სასაუბროდ დღეს, ჩემთვის დიდი პატივია ვიყო შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. ეს არის შესანიშნავი ქვეყანა. ჩემი აქ ყოფნის პირველი 11 თვის განმავლობაში გავიცანი უამრავი არაჩვეულებრივი ქართველი. ვიგრძენი სითბო, სტუმართმოყვარეობა, რითაც ქართველები ცნობილი არიან.

ბევრისთვის რთული წელიწადი იყო, ვცდილობთ, ყველგან დავეხმაროთ, სადაც შეგვიძლია. ეს იყო გაფრთხილებაც დავინახოთ, რამდენი რამის მიღწევა შეგვიძლია, როდესაც ერთად ვდგებით, კოვიდის მიუხედავად. შეერთებული შტატების საელჩო, როგორც აქამდე, ახლაც ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას. ამიტომ ვამაყობ თითოეული ადამიანით ჩემს გუნდში მათი თავდადების გამო, დაეხმარონ საქართველოს, გააძლიერონ პარტნიორობა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ჩემი აზრით მომავალ წელს მთავარი ყურადღების საგანი იქნება დავეხმაროთ საქართველოს ამ პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ამის გასაკეთებლად ვართ განწყობილი USAID-სა და სხვა სააგენტოების შესანიშნავი პროგრამით. რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ძლიერ თანამშრომლობას ამირან გამყრელიძესთან და ლუგარის ლაბორატორიასთან არსებულ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კოვიდთან საბრძოლველად და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასასრულებლად. ეს არის მსოფლიო მასშტაბის წარმატება. 2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 91 პროცენტი განიკურნა. საქართველო ამით უნდა ამაყობდეს.

ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს საქართველოსთან პარტნიორობის გასაღმავებლად, რადგან გვჯერა საქართველოს, როგორც წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნის მომავლის, რომელიც მყარად მოიკიდებს ფეხს  ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში. ჩვენი ინტენსიური სამუშაო დემოკრატიის გასაუმჯობესებლად არასდროს ჩერდება. მნიშვნელობა არ აქვს თქვენი ქვეყანა 30 წლის თუ 200 წლისაა. მე რაც დავინახე არის ის, რომ ქართველებს სურთ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომელთა მიმართაც ნდობა ექნებათ.  მათ სურთ მზარდი, მრავალფეროვანი ეკონომიკა, რომელიც ქმნის კარგ სამუშაო ადგილებს და შეერთებული შტატები კვლავ გააგრძელებს იყოს საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი და მეგობარი მიზნების მიღწევის გზაზე, რადგან გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და იყოს აყვავებული ქვეყანა. თქვენ გაქვთ სხვა კითხვებიც და მოდით დავიწყოთ. 

— ვინაიდან ეს ინტერვიუ გარკვეულწილად არის წლის შეჯამება და მიმდინარე წლის მთავარი მოვლენა საქართველოსთვის ნამდვილად იყო საპარლამენტო არჩევნები. ჩემი პირველი შეკითხვაც, რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნებს ეხება. ვიცი, რომ თქვენ ყურადღებით აკვირდებოდით ამ არჩევნებს. როგორ შეაფასებდით? სრულად იყო შესრულებული 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში?

ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც, ასევე კარგი ნიშანი იყო, თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული, დიდი წარმატებაა საქართველოსთვის და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს, მაგრამ სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ და გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი სრულად არ იყო გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც, რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა.

— როგორც ჩანს, ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში, მთვრობასა და ოპოზიციას შორის ვუახლოვდებით ჩიხს. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმაც დაადასტურა, რომ შეთანხმებს მიღწევის შესაძლებლობის ფანჯარა იხურება. თქვენი მოსაზრებაც ასეთია? როგორი იქნება თქვენი რეაქცია ბატონი კობახიძის განცხადებაზე კანონპროექტის ინიცირების შესახებ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგისტრაციიდან მოხსნასა და სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებაზე, იმ ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ? ამ ინიციატივას უკვე გამოეხმაურა სენატორი რიშიც რამდენიმე დღის წინ.

ფიქრობთ, რომ ასეთ გარემოებაში ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შანსი, რომ საერთაშორისო მედიაციის დახმარებით გაზაფხულისთვის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია? 

არ ვიტყოდი, რომ ჩიხია. არ დაგეთანხმებით ამ ტერმინის გამოყენებაში. ვნახე, რომ იყო ნამდვილი სურვილი ჩართულებისა და გამოსავლის მოსაძებნად, პოზიციებს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად. ჩემთვის იმედისმომცემია ის რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნის მქონე 9 პარტია ჯდება მაგიდასთან, ერთმანეთს უხსნის საკუთარ შეხედულებებს და ეძებს არჩევანს, რომელიც შეიძლება იყოს გზა წინსვლისთვის.

ახლა ჩვენ გვინდა ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ესაა ის, რისი გაკეთებაც დასჭირდებათ პარლამენტში. როდესაც პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი, პარტიებმა უნდა ილაპარაკონ, მათ უნდა იპოვონ, აქვთ თუ არა საერთო ინტერესები და იმუშაონ საქართველოს მომავლის ასაშენებლად. მათ შორის  რეფორმებზე, რომელიც აუცილებელია ქართული დემოკრატიის გასაუმჯობესებლად. იმედისმომცემი იყო ისიც, რომ ამ პარტიებმა შეათანხმეს   საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტებზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მომავალში არჩევნებზე აღარ იქნება ისეთი დარღვევები, რომლებიც წარსულში ბევრი წლის განმავლობაში ვლინდებოდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ დაიგეგმება არჩევნები იგივე სისტემით, რომელიც ადრე არ მუშაობდა კარგად, მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტის შიგნიდან. არსებობს დემოკრატიული ფორმატი. ახლა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს სჭირდებათ, გამოიყენონ ეს ფორმატი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად.

— არ მსურს სპეკულირება, მაგრამ იყო მკაფიოდ ნათქვამი საელჩოების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის განცხადებებში, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, დასავლეთი ელოდა მრავალპარტიული, პლურალისტულ პარლამენტსა და შესაძლო კოალიციური მთავრობის მიღებას საქართველოში.

სამწუხაროდ, ოქტომბრის არჩევნების შედეგად, კვლავ  მივიღეთ ერთპარტიული დომინაცია, ნაწილობრივ შერეული საარჩევნო სისტემის წყალობით, რომლის გამყარებაც ქართულმა ოცნებამ მოახერხა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საელჩოების მედიაციის დახმარებით მიღწეული კომპრომისის საფუძველზე.

არჩევნების შემდგომი პერსპეტივიდან, თუ წარსულს გადავხედავთ, გამართლდა თქვენი მოლოდინი? შეცდომათ თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება ნაცვლად იმისა, რომ გადასულიყო სრულ პროპორციულზე? და თქვენი აზრით, რას ნიშნავს ერთპარტიული პარლამენტი საქართველოს მომავლისთვის?

ქართველებმა აირჩიეს შერეულ სისტემაზე გადასვლა, რადგან სურთ, რომ პარლამენტი უფრო მერავალფეროვანი იყოს. დარმუნებული ვარ ისევ აქვთ ამის სურვილი. ეს არის პროგრესი სწორი მიმართულებით. 9 პარტია იქნა არჩეული პარლამენტში და არა ერთი. ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება.

რომ ყოფილიყო სრულად პროპორცოიული არჩევნები, მაღალი ალბათობით, ბარიერს მხოლოდ ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადალახავდა. ამის ნაცვლად ვნახეთ, რომ 9 პარტია იქნა არჩეული, რაც  პოზიტიური ნიშანია. ეს აძლევს უფრო პატარა პარტიებს დროს მხარდაჭერის მოსაპოვებლად და იმისთვის, რომ მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია სხვადასხვა საკითხის მიმართ. ამიტომ ეს კარგ ფონს ქმნის სრული პროპორციული არჩევნებისთვის მომავალში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ოპოზიციამ 66 მანდატი მიიღო. ეს არ არის ცოტა და შეგიძლია ბევრი რამ გააკეთო ამ რაოდენობით. შესაძლოა მეტი მანდატიც მიეღოთ მეორე ტურში მონაწილეობის შემთხვევაში.

ასე რომ თუ ქართველები ამბობენ, რომ სურთ უფრო მრავალფეროვანი იყოს პარლამენტი, სწორედ ამას მისცეს ხმა და სწორედ ეს აქვთ კიდეც. მინდა ხაზი გავუსვა, შეერთებული შტატები არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. არ ვუჭერთ მხარს კონკრეტულ პიროვნებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პროცესებს,  პრინციპებს და ინსტიტუციებს. მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობას, რადგან ის უზრუნველყოფს უწყვეტობასა და სტაბილურობას, რასაც დემოკრატია მოითხოვს.

— საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, შედარებით მოკლე პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში ყოველი მეორე ვადის შემდეგ მთავრობები იცვლებოდა. ამ ცვლილებებს ყოველთვის  წინ უძღოდა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაძაბულობა. ამ პერიოდებში, დასავლეთისგან ყოველთვის იყო გზავნილი, რომ საქართველოს პარტნიორები ელოდნენ ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად.

როდესაც გაკეთდა განცხადება, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სადაო არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში საქართველოში ვიზიტით ჩამოდიოდა, ეს საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა იგივე გზავნილად აღიქვეს. რეალურად, ვიზიტი ზომიერი აღმოჩნდა და მის დასასრულს არც პრესკონფერენცია ყოფილა. ჩემი შეკითხვა ასეთია, რა იყო სახელმწიფო მდივნის პომპეოს ვიზიტის მიზანი და რა იყო მისი მთავარი შედეგი?

სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა საქართველოში, რომ ხაზი გაესვა საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის სიძლიერისა და სიღრმისეულობისთვის. დრო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმის გათვალისწინებით რაც რეგიონში ხდება. ეს იყო სახელმწიფო მდივნისთვის შესაძლებლობა ხაზი გაესვა საქართველოსთვის მხარდაჭერისთვის და რეეგიონში მისი როლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში დინამიკა  იცვლება. ბევრი დრო არ გვქონდა. ამიტომ დატვირთული იყო მისი გრაფიკი.

მას ჰქონდა შესაძლებლობა ელაპარაკა სამოქალაქო საზოგადოებასთან მთავარ საკითხებზე. ელაპარაკა პატრიარქთან რელიგიურ თავისუფლებაზე, რაც პირადად სახელმწიფო მდივნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შემდეგ მან სთხოვა მის თანაშემწეს, რიკერს დარჩენილიყო, რადგან თავად უნდა გამგზავრებულიყო, რომ შეხვეროდა  პოლიტიკურ ლიდერებს,  არასამთვრობოებს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს, რომგაეგო უფრო მეტი რაც საქართველოში ხდება ასეთ მნიშვნელოვან პერიოდში. ვიზიტმა შესაძლებლობა მისცა მას საქართველოს ოფიციალურ პირებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ აგრესიაზე,  კოვიდ-19 თან ბრძოლაზე, ასევე შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაძლიერებაზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩემი აზრით, ვიზიტი იყო წარმატებული და პროდუქტიული. ბევრი დრო არ გვქონდა, ამიტომ მისი აქ ყოფნისას ყველა წუთი გამოვიყენეთ.

— ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, აშკარად ვხედავთ, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთი და თურქეთი უფრო გავლენიანები ხდებიან, ხომ არ იმოქმედებს ეს შეერთებული შტატების როლსა და მის ჩართულობაზე რეგიონში?

შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში ჩართულობის საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველო ყოველთვის იყო ამის ნაწილი. ვაღიარებთ იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც საქართველო ასრულებს ისტორიულად, ახლა კი ავითარებს დემოკრატიას და აქვს ხედვა და მისწრაფება, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში იყოს ინტეგრირებული. შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ შეერთებული შტატები რეგიონში აქტიურად გააგრძელებს ჩართულობას. ეს არის იმის ნაწილი, თუ რატომ ვუჭერთ მხარს საქართველოს, რატომ ვეხმარებით დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, გვინდა გარანტირებული იყოს, რომ თქვენი ეკონომიკა მრავალფეროვანი და ძლიერია. საქართველოს შეუძლია, იყოს სტაბილურობის ღუზა, რაც რეგიონს სჭირდება.

პრინციპში, ასეც იყო ყოველთვის წარსულშიც. შეერთებული შტატები კვლავ იქნება აქტიურად ჩართული, ჩვენ ვართ მისკის ჯგუფის თანათავმჯდომარე,  ასევე ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეც. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით, რაც რეგიონში ხდება.

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი და ამის იმედიც მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკოსები მალე მოაგვარებენ განსხვავებებს და დაიწყებენ ყურადღების გამახვილებას მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ საქართველოზე.

— სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ტექსტმა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 30 წელია საქართველოში მეტნაკლებად ხარვეზიანი არჩევნები ტარდება, გარკვეული სპეკულაციები გამოწვია და სიბრაზეც კი ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ექსპერტის მხრიდან.

რამდენად რელევანტურად მიგაჩნიათ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკული შეხედულებები, როდესაც ისინი ამბობენ, რომ თუ 30 წელი არჩევნები ყალბდება, რატომ ეგუება ამას დასავლეთი? და, თუ ოპოზიცია  და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამას რატომ უნდა შეეგუონ. 

აშკარაა, რომ საქართველოში ამომრჩევლები დაიღალნენ ერთიდაიგივე სახის დარღვევების ნახვით. მოდით, გულახდილი ვიყოთ. თითქმის იგივენაირი დარღვევებია ბოლო 30 წელია: ხმების ყიდვა, ამომრჩევლის დაშინება.   ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კარუსელები.

ამაზე მიუთითებდნენ ოდირისა და ეუთოს დამკვირვებლები წლების განმავლობაში თავიანთ დასკვნებში. ქართველებს სურთ რომ მათი ხმები დაითვალონ. სურთ, რომ შეიცვალოს სისტემა. ეს გვინდა ჩვენც. სწორედ ამიტომ უჭერს მხარს შეერთებული შტატების საელჩო წლებია საარჩევნო რეფორმის ძალისხმევას, მათ შორის, შარშან ზაფხულშიც. აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან  საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს, თუმცა ხმამაღლა გამოვთქვით ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექპსერტებმა შესთავაზეს.

ჩვენ ახლა ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მაგრამ ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომლებიც მათ შექმნეს და ააშენეს. ამიტომ მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს, ან როგორი სუსტებიც არ უნდა იყოს ოპოზიციის თვალში, ესაა დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ გვინდა ის გამოიყენოთ, სისტემა უკეთესი გახდეს.

— არსებობს თუ არა კონკრეტული თარიღი მეხუთე რაუნდისთვის, ან სხვა სახის შეხვედრისთვის, რომელსაც გამართავთ თქვენს რეზიდენციაში, რადგან დრო მიდის და უფრო და უფრო ნაკლები რჩება ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.  

თქვენც და ევოპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსიც ახსენებდა სერბულ მაგალითს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, რადგან ორივე მხარემ უნდა გააკეთოს რაღაც, რომ კომპრომისი იყოს.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიები ლაპარაკობენ. დიალოგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოსავლის მოსაძებნად, რაც ყველასთვის მისაღები იქნება, უნდა გვახსოვდეს, რომ პარტიების ლიდერები ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან არამხოლოდ მედიის მხრიდან, არამედ საკუთარი მხარდამჭერებისა და ზოგჯერ, საკუთარი თავის მხრიდანაც. 

დიალოგი არის, მნიშვნელოვანია გზა გამოიძებნოს, გამოსავალი, რომელიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურება. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა პარტიის ლიდერებისთვისაც ერთმანეთთან განიხილონ დიალოგის მიღმა სხვა საკითხები, რომლებზეც  შეძლებენ თანამშრომლობას, როდესაც პარლამენტში შევლენ. ეს ეხება სხვა სფეროების რეფორმირებას, რაც, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის და ეკონომიკური საკითხებისთვის. ამიტომ ეს არის პროდუქციული პროცესი, ნელი, მიზნობრივი და ფრთხილი. ამიტომ არ ვჩქარობთ. ყველა აქვს განცდა, რომ აუცილებელია ამის გაკეთება, ყველას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობაც, რომ იპოვონ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს, პარტიები გამოსავალსაც იპოვიან.

— ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს მზაობა კომპრომისისთვის. ახლა როდესაც ინტერვიუს ვამზადებთ, საქართველოს პარლამენტში შევიდა ირაკლი კობახიძის ინიციატივა და განიხილავენ კიდეც და შემდეგ შესაძლოა კენჭის უყარონ ცვლილებას, რომელიც უზღუდავს ოპოზიციას უფლებებს. როგორ გავლენას მოახდენს ის მოლაპარაკებების პროცესზე?

არ ვეთანხმები წამოყენებულ ინიციატივას და არანაირ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ოპოზიციის შევიწყროებას ითვალისწინებს ან უზღუდავს მათ მედიასთან წვდომას.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას და ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ შემდეგ მათ ლიდერებს. ვიმედოვნებ, რომ ეს კანონპროექტი გადაიხედება, ვიდრე მიირებენ.

ახლა საქართველოს დემოკრატიას სჭირდება განვითარებული, წარმატებული ოპოზიცია  და პასუხისმგელობის მქონე ეფექტური  მმართველი პარტია. თქვენ ახსენეთ ერთპარტიული პარლამენტი. ეს იქნება ძალიან სამწუხარო უკუსვლა.  ამომრჩევლებმა აირჩიეს 9 პარტია. ეს იყო მკაფიო განცხადება. არა ერთი, არამედ 9 პარტია, მრავალფეროვანი წარმომადგენლობა სურდათ პარლამენტში.

— საქართველოს, როგორც  შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორს ყოველთვის აქებენ რეფორმებისა და დემოკრატიის მიღწევებისთვის. მას დემოკრატიის შუქურა და რეგიონის რეფორმატორი ლიდერიც კი უწოდეს. მოდით ჩავთვალოთ, რომ საქართველოს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება, რაც სინამდვილეში შესაძლოა, სავარაუდო სცენარი იყოს.

მოვლენათა ასეთი განვითარება რა გავლენას მოახდენს შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის პერსპეტივაზე. სტაბილურობა ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ არის შეერთებული შტატები მზად დათანხმდეს სტაბილურობას დემოკრატიის ხარჯზე?

შეერთებული შტატები მხარს უჭერს სტაბილურობასა და დემოკრატიას, რომელიც კანონის უზენაესობას მოაქვს. ეს არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური პრინციპი. ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ პროცესებს, ინსტიტუტებს, რომლებიც უზრუნველყოფს უწყვეტობას და სტაბილურობას. ეს არის მიზეზი რატომ ვმუშაობთ თავდაუზოგავად საქართველოსთან, რომ გააძლიეროს ინსტიტუტები, ააშენოს დემოკრატიული ფორმატი, რასაც დაეყრდნობა. არ მგონია, რომ ქართულ ოცნებას სურდეს ერთპარტიული პარლამენტი. ისიც მიესალმება შესაძლებლობას, რომ ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, და ბევრი ხმა ისმოდეს პარლამენტში. ყველამ ვიცით, რომ დემოკრატიის მშენებლობა გრძელვადიანი პროცესია, რომელიც არასდროს ჩერდება.

ამერიკაში ვმუშაობდით დემოკრატიაზე 244 წელის განმავლობაში და დღესაც გვაქვს გეგმა რა უნდა გაკეთდეს. საქართველო 30 წელია აშენებს დემოკრატიას, და, რა თქმა უნდა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს ეს პროცესი, გამოიყენოს ინსტიტუტები, რომელიც ააშენა და გააძლიეროს ისინი.

— საქართველო შეერთებული შტატების ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. ამის მიუხედავად, ნამდვილად მოხარული ვართ, რომ შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. ის გამოცდილი პოლიტიკოსია, კარგად იცის და ესმის ქართული კონტექსტი და მისი გამოწვევები, ასევე წლების განმავლობაში ჰქონდა უარყოფითი გამოცდილება ვლადიმერ პუტინთან.

თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ბაიდენის პრეზიდენტობა და მისი ახალი ადმინისტრაცია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაზე, რაიმე შეიცვლება?

როგორც აღნიშნეთ, საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა და ეს მოიცავს სხვადასხვა ადმინისტრაციას თეთრ სახლში და ასევე კონგრესს. მოხარული ვარ, რომ ჩემი რამდენიმე კოლეგა და მეგობარი, რომლებთანაც ვმუშაობდი, დღეს მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. ვიცი, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან, ისინი იცნობენ ამ ქვეყანას და მოუთმენლად ველი მათთან თანამშრომლობას იმ სამუშაოების გასაგრძელებლად, რომელსაც საელჩო ატარებს. 

— საქართველო ისრაელის შემდეგ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით,  ამერიკის დახმარებისა და მხარდაჭერის მთავარი მიმღები ქვეყანაა. ნამდვილად იმსახურებთ უდიდეს მადლობას თითოეული ქართველის სახელით, ვიდრე დავიწყებთ, უფრო ზოგადად შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე, გამოვყოთ ერთი, უდიდესი პრობლემა საქართველოსთვის - კოვიდპანდემია.

ჩვენ მჭიდროდ ვთნამშრომლობთ შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემასთან. მაგალითად ლუგარის ლაბორატორია და C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა. ამას მივყავართ შემდეგ შეკითხვამდე: იქნება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების სიის სათავეში, რომლებსაც ამერიკა აქტიურად დაეხმარება კოვიდ 19-თან და მის შედეგებთან  ბრძოლაში.

საქართველოსთან აქტიურად ვმუშაობთ კოვიდ 19 თან ბრძოლაში მარტიდან, როდესაც პანდემია დაიწყო. ჩვენ ჩავდეთ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია  საქართველოს დასახმარებლად, რომ მოეხდინა რეაგირება, აღჭურვილიყო და ტრენინგები ჩაეტარებინა. ჩვენი სამედიცინო ექსპერტები მუშაობდნენ ინტენსიურად ტესტირების, კონტროლისა და ყველა იმ საკითხზე, რაც მნიშვნელოვანია ვირუსთან ბრძოლისთვის. 

ეს აჩვენებს ჩვენი პარტნიორობის გრძელი ისტორიის ფასულობას, როდესაც ამდენი წელია ერთად მუშაობ, როდესაც გაქვს ათასობით ადამიანთან კავშირი, ახორციელებ პროგრამებს, ადვილია მოქმედებაში მოიყვანო ყველაფერი, როდესაც კრიზისი იწყება. როდესაც ვამბობთ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, რასაც ვგულისხმობთ.

— ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტია საქართველოსთვის იყო ღვთისდალოცვის მსგავსი რამ რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ. რა იქნება 2021 წელს სტრატეგიული ქარტიის პრიორიტეტები? მოვლენათა როგორ განვითარებას უნდა ველოდით საქართველო-ამერიკის ეკონომიკური ურთოერთობების კუთხით. წლებია, ვსაუბრობთ, შეერთებულ შტატებთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე. რამდენად შორს ან ახლოს ვართ ასეთ გარიგებასთან?

სტრატეგიული პარტნიორობის კომისია არის საფუძველი ყველაფერის, რასაც ვაკეთებთ. ის მოიცავს 4 ფართე სფეროს. ასე რომ როდესაც ვმუშაობთ, დემოკრატიის ხელშეწყობაზე,  უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ან გზების მოძიებაზე ვაჭრობის, ეკონომიკური, თუ ენერგო სფეროში თანამშრომლობის გაფართოებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს შორის გაცვლაა, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს და ჩვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედაც, რომ ვსაუბრობთ  სტრატეგიული პარტნიორობის კომისიაზე. ეს გვაძლევს ფორმატს იმ ყველაფერისთვის, რასაც ვაკეთებთ. USAID-ს აქვს პროგრამები, კონკრეტულად ეკონომიკური ზრდისთვის და დივერსიფიცირებისთვის. ისინი უკვე ხორციელდება და მათი მიზანი ეკონომიკის დივერსიფიცირებაა, რომ არ იყოს მხოლოდ ტურიზმზე დამოკიდებული.

ასევე გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერება. ის არის უკვე ძლიერი, მაგრამ ვეხმარებით განავითაროს ახალი ბაზრები, ახალი ტექნიკით, რომ მოსავალი და მოგება იყოს უფრო მაღალი იყოს. რა თქმა უნდა, იქმნება შესაძლებლობები სტარტაფებისთვის, და დამწყები მეწარმეებისთვის, რომ იპოვონ წვდომა კაპიტალთან და ინვესტირებასთან. 

ვდილობთ ვიპოვოთ გზები ამერიკული და ქართული კომპანიების დასახმარებლად, რომ ფეხზე დადგნენ და მუშაობა გააგრძელონ. ვიცით, რომ შემდეგი წელიწადი იქნება რთული ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ ვაპირებთ დავეხმაროთ პანდემიის შედეგების აღმოფხვრაში. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ვაპირებ ახლოს ვიმუშაო ახალ ადმინისტრაციასთან რომ ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება. ეს არის ის სფერო, რომლის მიმართებაშიც, საქართველოს კონგრესში აქვს მხარდაჭერა. ეს კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

— ბოლო პერიოდში, საქართველომ სტაგნაცია განიცადა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივის კუთხით. მეორეს მხრივ, საქართველოსთვის იზრდება რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები. ქართველი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები აქტიურად საუბრობენ საქართველოში შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შესაძლებლობაზე. რამდენად რეალისტურია თქვენი აზრით? და რა არის ის ზომები, რომლებსაც  შეერთებული შტატები მიმართავს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივის მხარდასაჭერად?

ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი ურთოერთღობები სტაგნაციას განიცდის. პირიქით ჩვენი ურთოერთობები არის ძლიერი, რომელიც ყოველწელს უფრო ძლიერდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელოვანი შედეგი იყო, ისიც, რომ  ორი კვირის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე  იმყოფებოდა და მხარს უჭერდა საქართველოს წევრობას და ალიანსის შიგნით საქართველოს მხარდაჭერის გაზრდას.

ჩემთვის სასიამოვნი იყო ისიც, რომ ნატოს ექსპერტების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელშიც საუბარი იყო საითკენ უნდა წავიდეს ალიანსი. იყო რეკომენდაცია საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოების შესახებ. ასე რომ საქართველო ნამდვილად არის ნატოს რადარების ეკრანზე და ამას ვხედავთ ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ჩვენ გავქვს საქართველოს იმედი ავღანეთში, ეს ყველაფერი აჩვენებს ჩვენს გაძლიერებულ თავსებადობას, მზაობას, რაც ასე ღირებულია ალიანსისთვის. საქართველომ ნამდვილად ჩადო ინვესტიცია დროის, რესურსებისა და პესონალის სახით, რომ ყოფილიყო იქ ნატოსთან ერთად.

თქვენ მართალი ხართ, ჩემი აზრით, რუსეთის მზარდი აგრესია შავი ზღვის რეგიონში საქართველოს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ თანამშრომლობს შეერთებული შტატები საქართველოს სანაპირო დაცვასთან მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მქონდა საშუალება მომენახულებინა ფოთში სანაპირო დაცვის შტაბი. ძალიან შთამბეჭდავი იყო. არამხოლოდ იმის გამო რისი გაკეთებაც შეუძლიათ, არამედ უფრო მეტად იმ მზაობისთვის, თუ რისი გაკეთება სურთ ალიანსის შიგნით საზღვაო კომუნიკაციების გაუმჯობესების კუთხით, საზღვაო წვრთნების რაოდენობის გაზრდით. ეს ყველაფერი ეხმარება ნატოს, ეხმარება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ეხმარება საქართველოს დაიცვას საკუთარი საზღვაო საზღვრები. 

მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოსი თქვენი კონტრიბუციისთვის და მსხვერპლისთვის, რომელიც თქვენ გაიღეთ ავღანეთში და სხვა მისიებში მსოფლიოს გაშემო არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ სხვა მეკავშირეებთან ერთად. მადლობა ამისთვის.

— ყველა ეტაპზე, ქართული მედია ყოველთვის იყო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქართული დემოკრატიის ფორმირების პროცესში. ის არის ასევე ერთ-ერთი, რომელმაც ბევრი დარტყმა და ზეწოლა მიიღო მთავრობებისგან. გასაკვირი არ არის, რომ შეერთებული შტატები და დასავლური ინსტიტუტები ყოველთვის ქარტული მედიისა და თავისუფალი სიტყვის მთავარი მხარდამჭერები არიან. დღეს ვისმენთ მკაცრ კრიტიკულ კომენტარებს შეერთებული შტატების საელჩოს და პირადად თქვენს როლზე მთვარი არხისა და მისი დირექტორის მხრიდან. მიზეზი და არგუმენტი თქვენი კრიტიკის არის შემდეგი: ქართული მედიის მხარდაჭერის ნაკლებობა; შედარებით რბილი რეაქცია მედიაზე მთავრიბის თავდასხმების მიმართ; მედია-საშუალებებთან კომუნიკაციის ნაკლებობა; უარი ვიზაზე მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიასთვის; ის, ასევე გადანაშაულებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კარიერული წინსვლისთვის ხელის შეშლის მცდელობაში უკრაინაში. 

რამდენადაც ვიცი, თქვენ არასდროს გიპასუხიათ ამ ბრალდებებზე, გთხოვთ თავისუფლად გამოიყენო ეს შესაძლებლობა თუ გსურთ რომელიმეზე კომენტარის გაკეთება. 

რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ არის მნიშვნელოვანი განსხვავება მოსაზრებებსა და ფაქტებს შორის.  ფაქტი კი არის ის, რომ მე მედია თავისუფლების ძალიან დიდი მხარდამჭერი ვარ. ისევე, როგორც მედიის როლის, როგორც მეოთხე ბურჯის ნებისმიერ ჯანმრთელ დემოკრატიაში.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პროფესიონალ ჟურნალსიტებს და ეთიკის კოდექსს, რომელიც არეგულირებს ჟურნალისტიკას და მოითხოვს პროფესიონალი ჟურნალისტებისგან საზოგადოებას  ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია წარუდგინოს. ჟურნალისტის პროფესია ნასწავლი მაქვს, ეს ჩემი მეორე ხარისხია. და ერთერთი პირველი რაც გავაკეთე, როდესაც ჩამოვედი - დავპატიჟე სახლში სხვადასხვა ტელეარხების რედაქტორები რომ მათგან მომესმინა იმ გამოწვევების შესახებ, რასაც მედია საქართველოში უმკლავდება. მე დავპატიჟე ჟურნალისტები, იმ თემებზე სასაუბროთ, რაც აქ ჟურნალისტებისთვის აქტუალურია, რომ განგვეხილა შესაძლებლობები, როგორ შეიძლება საელჩო მათ უკეთ დაეხმაროს.

ეს არის საკითხი, რომელიც პიროვნულად ჩემთვის ძალიან მნისნელოვანია და ეს ასეც დარჩება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, საელჩოს აქვს  მედიათავისუფლების მხარდაჭერის დიდი ისტორია; მედია განათლების თუ გაცვლითი პროგრამების კუთხით. მე გარწმუნებთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში ჩვენ ამას გავაგრძელებთ.

— უკვე საკმარისი დროა გასული, რაც საქართველოში იმყოფებით. თუ შეიძლება მოგვიყევით თვენი ოჯახის შესახებ, აქ ცხოვრობენ თუ შეერთებულ შტატებში? ასევე, თუ მოახერხეთ საქართველოში მოგზაურობა და რა შთაბეჭდილებები დაგრჩათ ჩვენი ქვეყნის რეგიონებზე.  

კოვიდის მიუხედავად, 11-მა თვემ სწრაფად გაირბინა. აქ მწერალთან - დეგ მორისთან ერთად ვარ. კორონავირუსამდე და ზაფხულში დრო გვქონდა, ცოტა გვემოგზაურა, საქართველო დაგვეთვალიერებინა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მშვენიერი ქვეყნის დათვალიერების შესაძლებლობა მომეცა. ჯერ კიდევ ბევრი ადგილია, სადაც მინდა წავიდე, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, შესაძლებლობა მქონდა ბევრ შესანიშნავ ქართველს შევხვედროდი.

ვეწვიე ამერიკულ კუთხეებს ბათუმში, ქუთაისში, თელავში. შესაძლებლობა მქონდა გავსაუბრებოდი სტუდენტებს იმ საკითხებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მათ დამახვედრეს ძალიან ლამაზი ბანერი ოთხი ივლისისთვის . ეს შესანიშნავი იყო და არასოდეს დამავიწყდება. შესაძლებლობა მომეცა გამეხსნა სასაზღვრო პუნქტი ჯუთაში. ეს სანახაობრივად ეფექტური სცენარი და იქ მართლა ერთგული მესაზღვრეები არიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას.

ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები ფერმერებთან კახეთში. შევხვდი ძალიან საყვარელ ოჯახს, რომელსაც ძროხები ჰყავს. ფერმის გაფართოვებაში მათ USAID და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი დაეხმარა. ეს საოჯახო მეურნეობაა: დედა და სამი ქალიშვილი შესანიშნავ ყველს ამზადებენ; მამა ფერმაზე ზრუნავს. ვეწვიე ჟოლოს მეურნეობასაც, რომელიც ასევე იუ ეს ეიდის პროგრამის ბენეფიციარია. ასევე კაკლის საშრობი ობიექტი, შესანიშნავი ახალი მოწყობილობებით და საცავით, რომელიც ეხმარება არა მხოლოდ ერთ გლეხს, რომელსაც კაკლის ბაღი აქვს, არამედ ყველა იმ გლეხს, რომელიც იმ ტერიტორიაზე ამ საქმიანობითაა დაკავებული.

ეს ყველაფერი იმ შესანიშნავ მოგზაურობებთან ერთად, რომლის შესაძლებვლობაც მომეცა - ლაშქრობა ბორჯომში, აბასთუმანში, ლაგოდეხში. შესანიშნავი გამოცდილებები, მშვენიერი საჭმელი, ძალიან გემრიელი კერძები და მოუთმენლად ველი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტს მოვახერხებ. ძალიან მინდა წავიდე თუშეთში. ჩემი ძმისშვილი იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისე, მთხოვა წავსულიყავი იქ და მომენახულა მისი მეგობრები.

— ინტერვიუს დასასრულს, გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს ბედნიერ შობა-ახალ წელს, რას უსურვებდით საქართველოს 2021 წელს?

მადლობა სადღესასწაულო სურვილებისთვის. ვისურვებდი საქართველოს მომავალ წელს კეთილდღეობა ჰქონოდეს. ვიცი, რომ 2020 წელს ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ვფიქრობ, ყველას გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ ქართველები კვლავ დადგნენ ფეხზე, იყვნენ ჯანმრთელად, იყვნენ წარმატებული და ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი მომავლისადმი, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ნათელი ექნება. როგორც უკვე აღვნიშნე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ იქნება საქართველოს ძლიერი მოკავშირე და მეგობარი იმიტომ, რომ გვინდა ვნახოთ საქართველო წარმატებული და აყვავებული.


close დახურვა