logo
ENG



TDI: საგანგაშოდ მიგვაჩნია ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენის თავისუფლების მიმართ

24 დეკ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/24/w5m5muiskperl44.jpg

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) არადომინანტი რელიგიური ჯგუფებისთვის შობის დღესასწაულზე შეზღუდვების არშემსუბუქების გამო შემაშფოთებლად და საგანგაშოდ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ და აცხადებს, რომ ხელისუფლება ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის. 

საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედებული შეზღუდვების დაანონსებისთანავე საქართველოს მოსახლეობას ახარა, რომ გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც უკვე ერთი თვეა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე მოქმედებს, ახალი წლის (31 დეკემბერი) და შობის (7 იანვარი) ღამეს მოიხსნებოდა. დაშვებული გამონაკლისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს შესაძლებლობას მისცემს, ღამისთევით დაესწროს ტაძრებში საშობაო ლიტურგიას, თუმცა ის არ ითვალისწინებს შობის მეორე (25 დეკემბერი) თარიღს, რა დროსაც საქართველოში არადომინანტი რელიგიური ჯგუფები, ხოლო მსოფლიოში სრულიად საქრისტიანოს უდიდესი უმრავლესობა ქრისტეს შობას აღნიშნავს. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებას სათვალავიდან გამორჩენილი რელიგიური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ქართული ოცნების ხელისუფლება დისკრიმინაციულ მიდგომასა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის დარღვევაში ამხილეს და მას გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდეს. 

კრიტიკის საპასუხოდ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებს მრევლისა და სასულიერო პირების პირადი მონაცემების სახელმწიფოსთვის გადაცემა სთხოვა, მათთვის ინდივიდუალური საშვების გამოწერის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კი ასე ახსნა: 

"ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და შობას 7 იანვრის ღამეს აღნიშნავს, ამიტომ ამ შეზღუდვიდან ამოღებული იყო გამონაკლისი... გარწმუნებთ, ზედმეტი აჟიოტაჟია, ნუ შევქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არსებობს". 

მაია ცქიტიშვილის შეთავაზება კიდევ უფრო დიდი აღშფოთების საფუძველი გახდა უფლებადამცველებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოქალაქის მრწამსთან დაკავშირებული ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია. განსაკუთრებით მაშინ არის ეს საყურადღებო, როდესაც საქმე არადომინანტ რელიგიურ ჯგუფებს ეხებათ, ვინაიდან ცენტრალურ ხელისუფლებისთვის ხშირია ცდუნება, გააკონტროლოს ესა თუ ის რელიგიური ჯგუფი. 

"ეს მოწოდება პირდაპირ მიანიშნებს სახელმწიფოს მცდელობაზე, ჩაერიოს რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში, შეადგინოს და დაამუშაოს მისი წევრების პერსონალური მონაცემები", - აცხადებენ TDI-ში, - "ამ გზით, სახელმწიფო ლეგიტიმური მიზნის გარეშე მოიპოვებს წვდომას რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირებისა და წევრების შესახებ ინფორმაციაზე, მათ რაოდენობაზე, საცხოვრებელზე და სხვა მნიშვნელოვან პერსონალურ მონაცემებზე, რაც შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული ადამიანებისა და ჯგუფების კონტროლისა და დაშინების მიზნით". 

თავად საქართველოს კათოლიკე ეკლესიამ უარი განაცხადა პირადი მონაცემების სანაცვლოდ ინდივიდუალურად გაწერილი საშვების მეშვეობით საშობაო ლიტურგიის ღამისთევით ჩატარებაზე და თბილისის კათედრალში წირვა 18:00 საათზე დანიშნა. 

"განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?", - ამბობს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, -"ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები?". 

TDI-ში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების "დაუფარავად" დისკრიმინაციული მიდგომა უფრო რეპრესიული ქმედებების წინაპირობა შეიძლება გახდეს. 

"მიგვაჩნია, რომ ხელუსფლების რელიგიურმა პოლიტიკამ უკვე საგანგაშო ფორმა შეიძინა და ის შესაძლოა რელიგიური ჯგუფების მიმართ უფრო მეტად ხისტი და რეპრესიული ქმედებების წინაპირობა იყოს", - აცხადებს ორგანიზაცია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და მათ ავტონომიაში ჩარევა. 

ხელისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამაც და მთავრობას მოუწოდა, ნებისმიერი შეზღუდვა და მისგან დაწესებული გამონაკლისი შემთხვევები არადისკრიმინაციული მიდგომით შეემუშავებინა. 

 

 

 

 


close დახურვა