გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
როგორც ამბობენ, მუშაობის აკრძალვა მათთვის ულუკმაპუროდ დარჩენას ნიშნავს.
ვაგზლის მოედანთან მომუშავე გარემოვაჭრეების თქმით, თუ მოლები გაიხსნა, მათთვის მუშაობის აკრძალვა უსამართლოა.
"როცა ვჭირდებოდით, როცა ჩვენნაირი ხალხი სჭირდებოდა, მთავრობამ გამოიყენა, ხმები ჩაითვალეს და მერე რაც მოხდა, ჩვენზე კარგად იციან. დარტყმას თვითონ მთავრობა გვაყენებს და არც გვეხმარება. პური და წამალი რომ ვიყიდო, მაგაში არ მეხმარებიან. ჩვენ ვემორჩილებით მთავრობას, მაგრამ თუ რაღც ერთისთვის არის, მეორესთვისაც უნდა იყოს".- თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ეს 4-5 დღე დაგვაყენონ და რაც მოტანილი გვაქვს ნასესხები ფულით, ის პროდუქტი გაგვაყიდინონ. არ შეიძლება თქვენი ქუჩაში დგომა პანდემიის გამოო. თუ ჩვენთვის არ შეიძლება, მაღაზიაში არ გადადის ვირუსი?". - თქვა სხვამ.
იგივე პრობლემები აქვთ გარემოვაჭრეებს ქუთაისში.
"გაიხსნას ჩვენი ბაზრობა. დროებით გაგვხსნან. გადანაწილდებოდა ეს ხალხი".- თქვა ერთმა გარემოვაჭრემ ქუთაისში.
სხვა მოვაჭრე ამბობს, რომ გასაყიდად საახალწლო ნივთები ჩამოიტანა, გაყიდვის უფლება კი არ ეძლევა, რაც მის მდგომარეობას ამძიმებს.
"ბანკის ვალები, საქონლის ვალი. ეს საქონელი უნდა შევინახო მთელი წელი. კარფური თუ მუშაობს - ამაზე მწყდება გული - ჩვენ რა დავაშავეთ".
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 28 ნოემბრიდან შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის დიდ ქალაქებში დახურულია მოლები და ბაზრობები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა, 24 დეკემბრიდან 31-ის ჩათვლით მოლებს და მაღაზიებს მუშაობის უფლება მისცეს. რეგულაციის შემსუბუქება არ შეეხოთ ბაზრობებს.